თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. ქართველმა სამბისტებმა მინსკში ევროპის ღია თასზე 10 მედალი მოიპოვეს და მეორე გუნდური ადგილი დაიკავეს.
ტურნირის პირველ დღეს პოდიუმის ზედა საფეხურზე მინდია ლილუაშვილი ავიდა - 71 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა სომეხი კარლენ მახინიანი ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
ვიცე-ჩემპიონები გიორგი ზაქარიაძე (+98 კგ) და ელენე ქებაძე (+80 კგ) გახდნენ. პირველმა ფინალში რუს ანტონ ბრაჩოვთან წააგო (0:1), ქებაძე კი ბელარუს მარია კონდრატიევასთან დამარცხდა (0:6).
საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი, ბრინჯაოს მედალი დავით ლორიაშვილმა (+98 კგ) მოუტანა.
13 თებერვალს, ტურნირის მეორე დღეს ქალთა შორის 80 კგ-მდე კატეგორიაში ოქროს მედალი ნინო ოძელაშვილმა დაიმსახურა.
79 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტურნირის ჩემპიონი ბესარიონ ბერულავა გახდა.
დღეს ვერცხლის პრიზიორები გახდნენ პაატა ღვინიაშვილი (-98 კგ), ომარ ნიაზაშვილი (-79 კგ) და გიორგი ნასყიდაშვილი (-64 კგ). გიორგი კანკავამ (-79 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დიმიტრი კობაური (-88 კგ) მე-7 ადგილს დასჯერდა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 10 მედლით მეორე ადგილი დაიკავა (სამი ოქროს მედალი, ხუთი ვერცხლის მედალი, 2 ბრინჯაოს მედალი). პირველ ადგილზეა რუსეთი (13-4-9), მესამეზე - ბელარუსი (3-3-15).