უკრაინაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამუშავდა

საქართველოს დიპლომატიური მისიები უკრაინაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი − Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში დაძაბულობის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით დიპლომატიური წარმომადგენლობების საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ იუწყება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულოები ოდესაში და დონეცკში გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.
უკრაინის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ცხელი ხაზი: +380 (63) 376 77 68 и +380 (93) 761 17 17.
„საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ, გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო... შესაბამისად, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს კავშირზე დარჩნენ საქართველოს საელჩოსთან როგორც ოპერატიული ინფორმაციის მიღების, ისე მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილების შემთხვევაში ლოჯისტიკური და საინფორმაციო მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ყურადღებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.
ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.
მოსკოვში მსგავს ბრალდებებს უარყოფენ. რუსეთის მხარის განცხადებით, „რუსული აგრესიის“ შესახებ „საინფორმაციო ისტერია“ რუსეთის საზღვრებთან ნატოს შეიარაღების თავმოყრის საბაბს წარმოადგენს.
ამ კვირაში დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინიდან დიპლომატიური მისიების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის შესახებ განაცხადეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ შესაძლო პროვოკაციების საფრთხის გამო უკრაინაში საელჩოების და საკონსულოების თანამშრომლების შტატის „ოპტიმიზაცია“ მოახდინა.
წყარო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო