თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. თურქეთი და აზერბაიჯანი ააქტიურებენ სამხედრო თანამშრომლობას - თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა განკარგულებას შუშის დეკლარაციის დადასტურების შესახებ, იუწყება სააგენტო Anadolu.
შუშის დეკლარაცია ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ უკვე რატიფიცირებულია.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა მიიღო თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (The Organization of Turkic States) აქსაკალთა საბჭოს დელეგაცია. მიღებაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა ხელი მოაწერა პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებულებას შუშის დეკლარაციის დამტკიცების შესახებ, რომელიც მიღებული იქნა თურქეთის დიდი ეროვნული კრების (პარლამენტის) მიერ. ბრძანებულება მალე გამოქვეყნდება მთავრობის ოფიციალურ მაცნეში და ძალაში შევა“, - იუწყება სააგენტო.
შუშის დეკლარაციის თანახმად, რომელიც თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ გასული წლის 15 ივნისს არის ხელმოწერილი, მესამე სახელმწიფოს მხრიდან საფრთხისა თუ აგრესიის შემთხვევაში აზერბაიჯანი და თურქეთი ერთობლივად იმოქმედებენ. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ „მხარეები განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევებს ორი მოძმე ქვეყნის შეიარაღებული ძალების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოდერნიზაციის კუთხით“.