ოპოზიციური პარტია პარლამენტში პენსიონერების სამართლებრივი დახმარების ცენტრს ხსნის

პენსიონერებს, რომლებსაც სესხებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, დახმარებას „სტრატეგის აღმაშენებელი“ პირდება
Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი” 14 თებერვლიდან პარლამენტში პენსიონერთა სამართლებრივი დახმარების ცენტრს ხსნის, განაცხადა ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის თქმით, ასობით პენსიონერმა უკვე მიაწოდა პარტიას ინფორმაცია მისი საკრედიტო პრობლემების შესახებ. მისი თქმით, ეს ადამიანები წლების განმავლობაში ბანკების მხრიდან იჩაგრებიან.
„ამ ცენტრს ექნება ფუნქცია, რომ თქვენი უფლებები დაიცვას, ძვირფასო პენსიონერებო... როგორც სოციალურ ქსელით, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით და პარლამენტში მობრძანებით, შეგიძლიათ ჩვენგან მიიღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება და თითოეულ თქვენს პრობლემა მივყვებით ბოლომდე",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ ცენტრს პარლამენტში, პარტიის აპარატში თეონა ჭალიძე უხელმძღვანელებს.
ვაშაძის თქმით, ცენტრი გაუწევს კვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას პენსიონერებს, შშმ პირებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს. მომსახურების მიღების მსურველ პირს შეუძლია ისარგებლოს ცხელი ხაზით: (+995) 558-262-845, (+995) 598-187-779.
ვაშაძე სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად მოითხოვდა პენსიების გაცემაზე მონოპოლიის გაუქმებას, საპენსიო მომსახურებაზე ექსკლუზიური უფლების გაუქმებას და თავისუფალი კონკურენციის პირობებში საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთის ავტომატურ შემცირებას.
დღეისათვის პენსიების გაცემის უფლებას ფლობს Liberty Bank, ხოლო პენსიონერებისთვის საპროცენტო განაკვეთი 36%-ს შეადგენს.
2021 წლის ზაფხულში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტმა არ დაუჭირა მხარი ცვლილებებს კანონში „სახელმწიფო პენსიის შესახებ“, რომელიც „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ მიერ იყო ინიცირებული. ცვლილებები ითვალისწინებდა პენსიონერებისთვის ბანკის არჩევის უფლებას საპენსიო კრედიტის გაფორმებისას.
„საპენსიო სესხი“ გაიაფდება: პროცენტის ზედა ზღვარი 26%-მდე დაიწევს >>
საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათშორისმა კომისიამ, რომელშიც ოპოზიციის მხრიდან ვაშაძეც შედის, დაამტკიცა საკონკურსო პირობები ბანკებისთვის, რომელთაც საპენსიო მომსახურების განხორციელება სურთ. ერთ-ერთი პირობა მოიცავს საპენსიო სესხზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას - ის არ უნდა აღემატებოდეს 26%-ს.
დღეისათვის საქართველოში 787,4 ათასი პენსიონერია. ხანდაზმულობის პენსია ენიჭებათ 60 წელს გადაცილებულ ქალებს და 65 წელს გადაცილებულ მამაკაცებს.