თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. ზუსტად 12 წლის წინ ვანკუვერში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა.
ექიმები ცდილობენ ნოდარ ქუმარიტაშვილის გადარჩენას ოლიმპიადაზე მომხდარი ავარიის შემდეგ
© AFP 2024 / PETER PARKS
ნოდარ ქუმარიტაშვილი ვარჯიშის დროს უისტლერის საციგაო ტრასაზე ციგით დაშვებისას დაიღუპა. ქუმარიტაშვილმა 144,3 კმ/სთ სიჩქარით დაშვებისას საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი
© AFP 2024 / RICHARD HEATHCOTE
21 წლის ქართველმა მოციგავემ ვერ მოასწრო თავისი სანუკვარი ოცნების ასრულება და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება - ის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე დაიღუპა.
უისტლერის საციგაო ტრასა ვანკუვერში
© AFP 2024 / RICHARD HEATHCOTE
ქართველი მოციგავე ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. საგამოძიებო სამსახურის დასკვნის თანახმად, ინციდენტის მიზეზი ტრასის გაუმართაობა გახდა. XXI ზამთრის თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენები შავი სამგლოვიარო ყელსახვევებით გამოვიდნენ, სტადიონზე შეკრებილმა მაყურებლებმა და სპორტსმენებმა კი ქუმარიტაშვილის გარდაცვალებას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.
საქართველოს ნაკრები ვანკუვერის ოლიმპიადაზე 2010 წელს
© AFP 2024 / LEON NEAL
ნოდარი მშობლიურ ბაკურიანში დაკრძალეს, აქ მისი სახელობის მემორიალი და მუზეუმი გაიხსნა. ქუჩა, სადაც ნოდარი ცხოვრობდა, მის სახელს ატარებს.
ნოდარ ქუმარიტაშვილის დაკრძალვა
© AFP 2024 / VLADIMIR VALISHVILI
წელს კი პეკინის ოლიმპიადაზე საქართველოს წარმოადგენს საბა ქუმარიტაშვილი, ნოდარის ბიძაშვილის შვილი. იმ ავბედით დღეს, 2010 წლის 12 თებერვალს, საბა 9 წლის იყო. მაშინ მან გადაწყვიტა, რომ მოციგავე გახდებოდა.
მან აიხდინა ოცნება და 12 წლის შემდეგ პეკინის ოლიმპიადაზე თავისი გამოსვლა ტრაგიკულად გაღუპულ ბიძას მიუძღვნა.