მსოფლიო დღეს

გაიღვიძა ევროპის ყველაზე მაღალმა ვულკანმა - შთამბეჭდავი ვიდეო

ეტნას მიერ ამოფრქვეული კვამლი და ფერფლი 8 კილომეტრ სიმაღლეზე აიტყორცნა.
Sputnik
თბილისი, 12 თებერვალი – Sputnik. სიცილიაზე ეტნამ გაიღვიძა - ევროპის ყველაზე მაღალი ვულკანის მოფრქვევას იტალიელები პარასკევს საღამოს და ღამით აკვირდებოდნენ.
იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის (INGV) მონაცემებით, ამოფრქვევა მოხდა 2900 მეტრის სიმაღლეზე, ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ კრატერში. კვამლისა და ფერფლის სვეტების სიმაღლე რვა კილომეტრს აღწევდა.
კრატერიდან წარმოიქმნა პიროკლასტური მასალის სამი ნაკადი. პირველმა ორმა ვალე-დელ-ბოვეს ქვაბულის მიმართულებით რამდენიმე ასეულ მეტრში ჩაიარა, ხოლო მესამე ნაკადმა სამხრეთით, ასევე რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა.
ეტნა მხოლოდ დილის პირველ საათზე დამშვიდდა.
ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია ამოფრქვევის კულმინაცია: „პიროკლასტური მასალის უხვი ამოფრქვევის გამო რამდენიმე ნაკადის ფორმირება ჩანს“.
ეტნა ევროპაში ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანია. 2013 წლის ივნისში ის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა. 2017 წლის მარტში სიცილიაზე ვულკანის მორიგი ამოფრქვევისას ათი ადამიანი დაშავდა. ეტნას ამოფრქვევები ვულკანის მიდამოებში საჰაერო სივრცის დახურვის აუცილებლობას იწვევს.