თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. UNESCO-მ და ICOMOS-მა (კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო საბჭო) 2021 წელს გელათის ტაძარში ჩატარებული გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები დადებითად შეაფასეს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ძეგლთა დაცვის საერთაშორისო საბჭო დადებითად აფასებს კულტურის სამინისტროს მიერ გელათის მონასტერში მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევებს, მათ მიერ შერჩეულ მეთოდიკასა და ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს.
„UNESCO და ICOMOS-ი ჩვენ მიერ 2021 წელს გელათში ჩატარებულ გადაუდებელ სამუშაოებს დადებითად აფასებენ. ამით, იმედი მაქვს, წერტილი დაესმება იმ არაერთ პოლიტიკურ სპეკულაციასა და ზედაპირულ მიდგომებს ზოგიერთი ქართველი ხელოვნებათმცოდნის მხრიდან, რომლებიც მოგვიწოდებდნენ, რომ გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება შეგვეწყვიტა. ეს ის გადაუდებელი სამუშაოებია, რომლებიც, გუშინ მიღებული დასკვნის თანახმად, დადებითადაა შეფასებული“, – განაცხადა წულუკიანმა.
გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემები ოთხმა იტალიელმა ექსპერტმა შეისწავლა. ისინი გასულ წელს სხვადასხვა დროს იღებდნენ ნიმუშებს და იკვლევდნენ მათ.
მინისტრის თქმით, ICOMOS საქართველოსგან ითხოვს, რომ სამინისტროს მიერ შერჩეულმა ფრესკების იტალიელმა სპეციალისტებმა განაგრძონ მუშაობა, ჩაატარონ ლაბორატორიული კვლევები ფრესკების საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობის გათვალისწინებით.
ასევე რეკომენდებულია ტაძრის დანარჩენი მხატვრობის ანალოგიური ექსპერტიზის ჩატარება. დოკუმენტის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ დროებითი სახურავი ამჟამად იცავს ტაძარს წვიმისგან, დეგრადაციის მდგომარეობის სტაბილურობის გათვალისწინებით, შემოთავაზებული ზომები უნდა განიხილებოდეს, როგორც დაუყოვნებელი და გადაუდებელი აუცილებლობა.
რთული ვითარება უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში განხორციელებული გადახურვის სამუშაოების გამო შეიქმნა. სამუშაოების შემდეგ გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კრამიტის გადახურვაში წყალი ჩავიდა. დაზიანებისგან ძეგლის დასაცავად კრამიტის სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს. ამის შემდეგ გელათის გადასარჩენად ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები იბრძვიან.
2021 წლის 23–30 ივნისს გელათში იუნესკოს საექსპერტო ჯგუფის პირველი მისია მუშაობდა, რომელმაც კვლევები აგვისტოს დასაწყისში ჩაატარა, გამოაქვეყნა დასკვნა და რეკომენდაციები გასცა, თუ როგორ უნდა შესრულდეს სარესტავრაციო სამუშაოები და გამოსწორდეს პრობლემები.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი შუა საუკუნეების (მე-12 საუკუნე, დავით აღმაშენებლის მიერ აგებული) ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, რომელიც 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.