ახალი თბილისის ხედვა – უჩვეულო გამოფენა დედაქალაქში

ურბანისტული მეტამორფოზები და ქალაქის სიყვარული – „ქარვასლა“ საინტერესო გამოფენას აწყობს.
Sputnik
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში („ქარვასლა“) 11 თებერვალს იხსნება მხატვარ გოგა ჯაფარიძის გამოფენა „ბეტონისა და გოგირდის ქალაქი“.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ 2019–2020 წლებში, ანუ უმეტესად კორონავირუსის პანდემიის პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, ასევე ინსტალაცია თემაზე „ახალი თბილისი“.
ამ რთული პერიოდის განწყობა ავტორმა დაახასიათა, როგორც „სოციალური შიშის, მდუმარებისა და განმარტოების“ მდგომარეობა.
„როგორც თავად ავტორი ამბობს, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ბეტონის ბლოკების უსახურ არქიტექტურაში აღმოაჩენდა ესთეტიკას. ამ ციკლში მისი მხატვრული კვლევის მიზანია ე.წ. ახალი თბილისის წარმოჩენა, რომელიც საბჭოთა ეპოქაშია შექმნილი და რომელსაც მხატვარი კარგად იცნობს“, – აღნიშნულია ღონისძიების ანონსში.
ჯაფარიძის ამ სერიაში ორი აქცენტი კეთდება. „ფაქტობრივად ყოველ სურათში გვხვდება რომელიმე კონკრეტული მისამართი თბილისის ახალი უბნებიდან და ყოველ კონკრეტულ მისამართთან მხატვრის ბიოგრაფიის რომელიმე ემოციური მონაკვეთია დაკავშირებული“, – აღნიშნავენ მუზეუმში.
გამოფენა 2022 წლის 5 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. მუზეუმ „ქარვასლის“ მისამართია თბილისი, სიონის ქუჩა 8.