თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობის რამდენიმე ფაქტი გამოავლინა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ოთხი შენობა და მსუბუქი კონსტრუქცია უნებართვოდ არის განთავსებული.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ აფრიკის დასახლებაში ოთხ მისამართზე მშენებლობის მწარმოებლები გააფრთხილა და უკანონოდ აშენებული ნაგებობების დემონტაჟი მოსთხოვა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნულ პროცესს თბილისის მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ამ ეტაპზე ქალაქის სხვადასხვა რაიონში სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი გამოავლინა და მშენებლობის შემსრულებლები გააფრთხილა.
საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა 90-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.