თხილამურებით სრიალი უზღვავი ადრენალინისა და ბედნიერი ემოციის მომტანია, ის ავითარებს კოორდინაციას, ბალანსირების უნარს, აკაჟებს ორგანიზმს, ამაგრებს კუნთებს და ძვალსახსროვან სისტემას, სასარგებლოა სასუნთქი და კუჭ-ნაწლავის სისტემებისთვის.
ძალიან მიყვარს, როცა შაბათი-კვირის დილაობით ვხედავ მანქანებს სახურავზე დამაგრებული დიდი და პატარა თხილამურებით. ვხვდები, რომ გუდაურისკენ ან სხვა სამთო-სათხილამურო კურორტისკენ აქვს გეზი ბედნიერ ოჯახს. სიამოვნებით ვათვალიერებ სოციალურ ქსელებში ფოტოებს, თუ როგორ სრიალებენ ფერად-ფერად კომბინეზონებში გამოწყობილი ბავშვები.
მართალია, ყველას არ აქვს ფუფუნება, რომ მთელი ოჯახი საკუთარი მანქანით და საკუთარი თხილამურებით წავიდეს ზამთრის რომელიმე კურორტზე, თუმცა სულაც არაა აუცილებელი არც საკუთარი მანქანა, არც საკუთარი თხილამურები, არც საკუთარი „ბათინკები“, არც აღჭურვილობა... მთავარია – მოვინდომოთ.
ამ ყველაფერს უფრო დაბალბიუჯეტურადაც გვთავაზობენ ტურისტული ჯგუფები. შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვეულებრივი „მარშრუტკებით“, რომლებიც თითქმის ყოველ ერთ საათში გადის. ადგილზე კი თხილამურების ქირაობაც შეგვიძლია და სხვა აღჭურვილობისაც.
შეგიძლიათ არც ისრიალოთ, მხოლოდ ისეირნოთ თოვლში გაკვალულ ბილიკებზე. ოღონდ ამ დროს ზომიერება უნდა შეინარჩუნოთ, რადგან სახის არეში დამწვრობების ალბათობა ძალიან დიდია.
ბავშვის ასაკი და თხილამურები
ორთოპედები გვირჩევენ, რომ ბავშვებს თხილამურებით სრიალი 4-6 წლიდან (გამონაკლის შემთხვევებში შესაძლოა 3 წლიდანაც) დავაწყებინოთ, როდესაც კუნთოვანი, ძვალსახსროვანი სისტემა და ხერხემალი უკვე მოძლიერებულია. ამასთან მას უკვე შეუძლია კარგად შეასრულოს ინსტრუქციები.
ოთხ წლამდე ბავშვთან მუშაობა ურთულესია, რადგან მას უჭირს დიდხანს ერთ საკითხზე ფოკუსირება და შესაძლოა მივიღოთ უკუშედეგი. გარდა იმისა, რომ დიდია ტრავმების რისკი, ბავშვს შეიძლება მალევე მობეზრდეს თხილამურები და დიდი ხნით საერთოდ უარი თქვას სრიალზე.
ამ ასაკში ჯობს მან ისრიალოს ციგით, იგუნდაოს და მშობლებთან ერთად ისეირნოს თოვლში.
მართალია, დღეს არსებობს სათხილამურო სკოლები, რომლებიც უკვე ორი წლიდან სთავაზობენ მშობლებს ბავშვების „თხილამურებზე დაყენებას“, მაგრამ, ექიმების აზრით, ეს ზედმეტად სარისკოა.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვს სრიალი უნდა ასწავლოს ინსტრუქტორმა, ხოლო მშობლის ჩართულობა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. მწვრთნელი ასწავლის მას სწორად სიარულს, სიმძიმის ცენტრის გადატანას, აღმართზე ასვლას, დაშვებას, მოხვევას, დამუხრუჭების ტექნიკებს.
4-6 წლის ასაკში პირველ გაკვეთილზე თხილამურების სიგრძე ჯობს იყოს 70 სანტიმეტრამდე;
უფროს ასაკში, როდესაც ბავშვის სიმაღლე 120 სმ-ზე მეტია, თხილამურები და აღჭურვილობა უნდა შეირჩეს იგივე პარამეტრებით, როგორც მოზრდილებში.
უმჯობესია ბავშვს თხილამურები თოვლზე დადგომამდე ჩააცვათ (სახლში, სასტუმროს ფოიეში), რათა ის აღჭურვილობის ზომებსა და წონას მიეჩვიოს.
ნუ იჩქარებთ ბავშვისთვის თხილამურების შეძენას. თავიდან ჯობს იქირაოთ და დააკვირდეთ, რადგან, გარდა ბავშვის სიმაღლისა, ასევე გასათვალისწინებელია თხილამურებით სრიალის პირობებიც.
მშობელმა, მთავარია, სწორად შეარჩიოს კომბინეზონი, ქურთუკი, ჩაფხუტი, შლემი, ხელთათმანები.
არაა აუცილებელი, რომ ტანსაცმელი ძალიან თბილი იყოს, რადგან ბავშვი მუდმივად მოძრაობს, ოფლიანდება. ასეთ მდგომარეობაში კი სწავლაც უფრო გაუჭირდება და შეიძლება უფრო ადვილადაც გაცივდეს.
აუცილებელია ბავშვს ვასწავლოთ სათხილამურო დისციპლინა, განებივრებამ და ზერელე დამოკიდებულებამ შესაძლოა ტრავმებამდე მიგვიყვანოს.
გახსოვდეთ! თუ ბავშვს არ სიამოვნებს თხილამურებით სრიალი, არავითარ შემთხვევაში არ დააძალოთ. უბრალოდ განაგრძეთ თოვლში გართობა თხილამურების გარეშე, შეაყვარეთ სხვა თამაშები და დაელოდეთ მომავალ სეზონს.