თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მარნეულში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევა 8 თებერვალს მოხდა. უწყების ცნობით, ძაღლის კბენის გამო წარმოშობილი კონფლიქტის დროს ბრალდებულმა შურისძიების მოტივით და განზრახ მკვლელობის მიზნით 30 წლის მამაკაცს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
წყარო - საქართველოს პროკურატურა