თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. უკანონო მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად თბილისის მერია აღსრულების ეფექტიანობის გაუმჯობესებას პარლამენტის დახმარებით გეგმავს.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საუბარია იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ჩაბარების მექანიზმის სრულყოფაზე, რათა არაკეთილსინდისიერმა მშენებელმა გადაწყვეტილების ჩაუბარებლობით არ შეაფერხოს აღსრულების პროცესი.
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, ბოლო თვეების განმავლობაში მათ აქვთ ერთი პრობლემა – მშენებლები, რომლებიც უკანონო საქმიანობას ეწევიან, ერთგვარ ხრიკს იყენებენ. კერძოდ, ზოგიერთი სამშენებლო კომპანია არ იბარებს მერიის იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებას, ხოლო გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის გამო ვეღარ იქმნება საფუძველი გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ან არ ხდება ვადების ათვლა.
„შესაბამისად, მინდა მივმართო ინიციატივით პარლამენტს, რათა იურიდიული სამსახურის გადაწყვეტილებების შემთხვევაშიც გამოვიყენოთ ის მოდელი, რომელიც გამოიყენება მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემულ სამართლებრივ აქტებთან დაკავშირებით. კერძოდ, იურიდიული სამსახურის მიერ გამოცემული აქტის განთავსება მოხდეს ობიექტზე და ის ჩაითვალოს გამოქვეყნებულად და ჩაბარებულად“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ მშენებლის მიერ სამართლებრივი აქტის ჩაუბარებლობა ვეღარ შეაფერხებს აღსრულების პროცესს, განმარტა მერმა.
კახა კალაძემ უკანონო მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად გატარებულ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, არცერთი უკანონო მშენებლობა რეაგირების გარეშე არ დარჩენილა.
კალაძის თქმით, მერიამ გაზარდა ჯარიმები დარღვევებზე – 3.000-დან 12.000 ლარამდე იყო ჯარიმების ოდენობა კატეგორიების მიხედვით და ის 50.000 ლარამდე გაიზარდა.
„თუმცა, მაინც ვაწყდებოდით პრობლემას, რადგან მოგების ნაწილში საკმაოდ დიდ თანხებზეა საუბარი. ამ მშენებლებს ალბათ უღირდათ ჯარიმების გადახდა და მშენებლობის უკანონოდ გაგრძელება. ამიტომაც შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და, ვფიქრობ, სამომავლოდ უკანონო მშენებლობების პრობლემას მოაგვარებს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მხრიდან არცერთი უკანონო მშენებლობა არ დარჩენილა რეაგირების გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კახა კალაძემ უკანონო მშენებლობების გამო გამოწერილი ჯარიმების სტატისტიკა წარმოადგინა.
„ოთხი წლის განმავლობაში 4.200 სამართალდარღვევა გამოვავლინეთ და გამოვწერეთ 82 მლნ ლარის ჯარიმა, მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში 3.500 დარღვევა იქნა გამოვლენილი და მხოლოდ 11 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა დაიწერა. 2014-2017 წლებში 3.400 დარღვევა იქნა გამოვლენილი და დაიწერა 19 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, მერიამ ყველა შესაძლო საშუალებას მიმართა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და ამ მიმართულებით მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს.