თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელად დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით ფაჩულია დაინიშნა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ფაჩულიას აქვს მრავალფეროვანი პროფესიული გამოცდილება, რაც მას სამსახურის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი ამოცანების დაძლევაში დაეხმარება.
„ის კერძო სექტორში სხვადასხვა ხელმძღვანელ და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობდა. გახლავთ ბიზნესის მართვის მაგისტრი. განათლება აქვს მიღებული ტურიზმის მენეჯმენტისა და ეკონომიკის მიმართულებით და თვითონაც, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სასწავლებელში წლების განმავლობაში ტურიზმის სფეროში ლექციებს კითხულობდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ახალ დირექტორს საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„ეს არის სამსახური, რომელიც ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე, გარე განათებებზე. ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება გაქვთ. ჩვენ ერთად გავართმევთ თავს იმ ამოცანებს, რაც სამსახურის წინაშე დგას. წარმატებებეს გისურვებთ“, – აღნიშნა კალაძემ.
დავით ფაჩულია 2020 წლიდან „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში (როდესაც დეკემბრის ბოლოს „თბილსერვის ჯგუფის“ მაშინდელი ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა) დირექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.