თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. COVID-19-ით დაავადებული უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების შემთხვევაში ცნობა ტესტირების პოზიტიური შედეგის თაობაზე საავადმყოფო ფურცლის ტოლფასია და სამსახურში არგამოცხადების საპატიო მიზეზად ითვლება, შესაბამისი ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში უკვე ძალაში შევიდა.
„დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, დაავადებული უსიმპტომო და მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების შემთხვევაში, დადებითი ტესტის თაობაზე ცნობა საავადმყოფოს ფურცელს გაუტოლდა.
ამასთან, შრომისუუნარობის დაწყების თარიღი აითვლება სინჯის აღების თარიღიდან და გრძელდება 8 კალენდარული დღე.
საქართველო „ომიკრონით" გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის. დღეს კორონავირუსის 25.161 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ეპიდემიოლოგების განცხადებით, ახალი შემთხვევების უმეტესობა „ომიკრონს“ უკავშირდება.
წყარო - საქართველოს მაცნე