ტელეარხ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ერთ-ერთი დავა შეწყდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეარხზე პრეტენზიას აღარ აცხადებს.
Sputnik
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა უკან გაიწვია სარჩელი, რომლითაც იგი პრეტენზიას აცხადებდა ტელეარხ „რუსთავი 2“-ზე. ამის შესახებ ტელევიზიის ამჟამინდელი მფლობელის ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ განაცხადა.
ოქრუაშვილმა სასამართლოს 2019 წლის ივლისში მიმართა. საქმეში მთავარი მტკიცებულება იყო 2010 წელს ბერლინში გაფორმებული შეთანხმება, რომლის თანახმად, ხალვაში ტელეარხის მფლობელის ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებული პირი იყო. მაგრამ პირველმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დოკუმენტი ყალბი იყო.

„ადვოკატები ითხოვდნენ ახალი კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარებას ოთხი ექსპერტის მიერ, რასაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, სასამართლომ მათ უარი უთხრა, რის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება, ოქრუაშვილის წინასწარი თანხმობით, გაეწვიათ სარჩელი“, – აღნიშნა სალიამ.

ზემოხსენებული ხელშეკრულების პირობების თანახმად, მისი დარღვევის შემთხვევაში ხალვაშს ოქრუაშვილისთვის 7 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა.
კიდევ ერთი დავა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში იხილება.
ტელეარხ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ხალვაშისგან კომპანიის აქციების 60%-ს ითხოვენ. მათ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი მას შემდეგ შეიტანეს, რაც 2021 წლის დეკემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„რუსთავი 2“ ამჟამად ეკუთვნის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს (60%) და მის კომპანია „პანორამას“ (40%).