შეძლებს თუ არა ენმ სააკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნას? მომხრეები და მოწინააღმდეგეები

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი მხოლოდ 30 მანდატი აქვს.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციაში გრძელდება კონსულტაციები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, რომელიც პენიტენციური უწყების თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებს შეისწავლის.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა თავად მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელიც მიიჩნევს, რომ რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებდან გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირებისას მისი უფლებები დაირღვა.
იმისათვის, რომ ექს-პრეზიდენტის იდეა განეხორციელებინა, ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი შეწყვეტა და პარლამენტში დაბრუნებაც კი გადაწყვიტა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა პარლამენტის ბიურომ ორშაბათს დაარეგისტრირა. რეგლამენტის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, ფრაქცია კი მხოლოდ 30 მანდატს ფლობს.
ახლა „ნაცმოძრაობის“ მთავარი ამოცანა კიდევ 20 დეპუტატის მხარდაჭერის მოპოვებაა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კოლეგებთან, რომ მოვიპოვოთ მათი მხარდაჭერა აღნიშნული კომისიის შექმნაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადვილი არ იქნება – „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს ამ კომისიის ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ოპოზიციური პარტიის წევრმა ბაჩო დოლიძემ.

უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციური დეპუტატების ნაწილი მზადაა მხარი დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას. მათ შორის არიან პარტიების „სტრატეგია აღმაშენებლის“ (5 მანდატი) და „ლელოს“ (7 მანდატი) წარმომადგენლები.
„სრული „ტუპიკია“ – „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობის“ გეგმებს გამოეხმაურნენ
„მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, ვინაიდან ის საქართველოს მესამე პრეზიდენტია. ამის გათვალისწინებით, კომისიის შექმნა შესაძლებელია, მით უმეტეს, სპეკულაციები თავიდან რომ ავიცილოთ", – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ.
კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „გირჩის“ (4 მანდატი) წარმომადგენლები, თუმცა მზად არიან გარკვეული პირობით მხარი დაუჭირონ მის შექმნას.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ამ კომისიის შექმნა, უბრალოდ, ეს ჩვენს კოლეგებს უნდათ. ჩვენი მხარდაჭერის პირობები გახლავთ ანალოგიური – მათი მხარდაჭერა მომავალში, თუ ჩვენ დაგვჭირდება მსგავსი კომისიის შექმნა. მათაც შეუძლიათ არ მიიღონ იმ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, ისევე, როგორც ჩვენ არ ვაპირებთ ამ კომისიაში მუშაობას“, – განაცხადა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
ვინ არის წინააღმდეგი?
კომისიის შექმნის აზრს ვერ ხედავენ მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“, რომელსაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 83 მანდატი აქვს.
დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის თქმით, აბსოლუტურ უმრავლესობას არ აინტერესებს, შეიქმნება თუ არა სააკაშვილის თაობაზე საგამოძიებო კომისია პარლამენტში.
თუ საგამოძიებო კომისია შეიქმნება, სააკაშვილი მზადაა დეპუტატებს ჩვენება მისცეს
„პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით კითხვები მეტია... მისი უფლებები და ჯანმრთელობა დაცულია. დანარჩენი ყველაფერი მხოლოდ სპეკულაციაა", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამგვარი ტიპის კომისიის შექმნის ობიექტურ აუცილებლობას ვერ ხედავს ვერც მისი კოლეგა უმრავლესობიდან ირაკლი ქადაგიშვილი.
„ვფიქრობ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა – ეს უფრო არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მცდელობა – მიხეილ სააკაშვილის თემა სატელევიზიო ეთერების დღის წესრიგიდან არ მოიხსნას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
„ნაცმოძრაობის“ ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებენ საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებიც და ასევე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატები.
„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კომისიის ჩამოყალიბება მე პირადად მიმაჩნია, რომ არ არის სწორი და ამის გაკეთება არ შეიძლება. ან შეიქმნება ზოგადად წამების კომისია, ან მარტო ერთი კაცისთვის კომისია არ შეიქმნება“, – განაცხადა დეპუტატმა „ევროპული სოციალისტებიდან“ დავით ზილფიმიანმა.
ანალოგიური პოზიცია აქვთ ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ წევრებსაც.
„საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერ. არ ვთვლი, რომ პარლამენტში ერთ პოლიტიკურ პარტიაზე და ერთ პოლიტიკურ ლიდერზე უნდა იყოს ძირითადად საუბარი. უამრავი პრობლემაა დაგროვებული და რაც ხალხს აწუხებს, იმ საკითხებზე უნდა შევქმნათ საგამოძიებო კომისიები, იმაზე, რაც ხალხის ინტერესია“, – განაცხადა „მოქალაქე“ ლევან იოსელიანმა.
რაც შეეხება სააკაშვილს, რომელიც ქვეყანაში უკრაინიდან არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა და თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს, ის ამჟამად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.
სააკაშვილს სისხლის სამართლის ორ საქმეზე დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლო მის წინააღმდეგ კიდევ სამ საქმეს იხილავს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის, სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის.