„მაცუნი“ და „მაწონი“ – საქართველომ სომხური პროდუქტის ტრანზიტი აკრძალა

საქართველოში „მაწონი“, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, 2012 წლიდან არის რეგისტრირებული, ხოლო სომხეთში იწარმოება რძის პროდუქტი ამ დასახელების მსგავსი სახელწოდებით.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველო კრძალავს სომხეთში წარმოებული რძემჟავა პროდუქტის – „მაცუნის“ ტრანზიტს რუსეთში, იტყობინება „Sputnik-სომხეთი“.
„საქართველოში „მაწონი“, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, 2012 წლიდან დარეგისტრირდა, მიუხედავად ჩვენი ოფისის წინააღმდეგობისა, რადგან ეს სახელწოდება ძალიან ჰგავს სომხეთში წარმოებული რძის პროდუქტის დასახელებას“, – განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების ოფისის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ქრისტინე ღამბარიანმა.
„მაწვნის სახლი“
შედეგად, მისი თქმით, საქართველომ, როგორც ტრანზიტულმა ქვეყანამ, დაბრკოლებები შეუქმნა სომეხ მწარმოებლებს მის ტერიტორიაზე „მაცუნის“ მქონე ეტიკეტის პროდუქტის ტრანზიტთან დაკავშირებით.

„როდესაც სომხური წარმოების „მაცუნის“ ექსპორტი ხორციელდება ტრანზიტულად სომხეთიდან საქართველოს გავლით, ქართველ მებაჟეებს აქვთ კანონიერი უფლება შეამოწმონ ეს ტვირთი. მსგავსი მარკირების მქონე „მაცუნის“ შეტანის შემთხვევაში მათ შეუძლიათ შეაჩერონ ტვირთი და აღკვეთონ მისი შეტანა მათ ტერიტორიაზე და შემდგომი ტრანსპორტირება სხვა ქვეყნებში“, – განუცხადა ღამბარიანმა „Sputnik-სომხეთს“.

თუმცა, მისი თქმით, ქართულ მხარესთან უკვე მიღწეულია შეთანხმება ამ საკითხის განხილვისა და გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე. დაგეგმილია საკითხის გადაჭრა სამართლებრივ ჭრილში. როგორც მოსალოდნელია, ხელშეკრულება 5 წლის ვადით გაფორმდება.
„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ საქართველოსთან, რომ მათი „მაწონი“ შეუფერხებლად შემოვიდეს ჩვენს ტერიტორიაზე, ხოლო ჩვენი „მაცუნი“ შეუფერხებლად გავიდეს საქართველოში და ისინი მოგვცემენ უფლებას, ეს პროდუქტი გაიყიდოს როგორც მათ ქვეყანაში, ასევე ტრანზიტულად გავიდეს მესამე ქვეყნებში“, – აღნიშნა ღამბარიანმა.
შეთანხმების მიღწევამდე კი სომეხმა მწარმოებლებმა დაიწყეს მაცუნის ექსპორტი რუსეთში „სომხური სამთო იოგურტის“ (Армянский горный йогурт) ბრენდით.
აღნიშნული პროდუქტის მწარმოებელ კომპანია „მარიანაში“ აცხადებენ, რომ საქართველომ გეოგრაფიული აღნიშვნა მრავალი წლის წინ დაარეგისტრირა, თუმცა ბოლო დრომდე არანაირი მოთხოვნა, აკრძალვა და დაბრკოლება არ ყოფილა.