COVID-19 - ბოლო ცნობები

რამდენი ორსული დაინფიცირდა პანდემიის პერიოდში – გამყრელიძის პასუხი

ორსულებში კორონავირუსით გამოწვეული გართულებები განსაკუთრებით ორსულობის მესამე ტრიმესტრში იმატებს.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 13.372 ორსული დაინფიცირდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ახალმა „ომიკრონ" შტამმა, რომელიც მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, 80%-ით ჩაანაცვლა „დელტა“ შტამი, დაავადება ორსულებისთვის მაინც განსაკუთრებით საყურადღებოა. იანვრის თვეში ორსულთა ინფიცირების 4.019 შემთხვევა დაფიქსირდა, აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

„ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის ერთი პროცენტი მოდის ორსულებზე. სამწუხაროდ, გვქონდა გარდაცვალების შემთხვევებიც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა – ლეტალობა რამდენად იყო დაკავშირებული ვირუსთან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, გართულებები განსაკუთრებით ორსულობის მესამე ტრიმესტრში იმატებს.
სპეციალისტები ორსულებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ვაქცინაცია საფრთხეს არ წარმოადგენს არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის. ამ დროისათვის საქართველოში ორსულების ვაქცინაციისთვის დაშვებულია მხოლოდ პრეპარატი Pfizer.
COVID-19 - ბოლო ცნობები
არის თუ არა „ომიკრონი" საშიში ორსულებისთვის
საქართველოში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ მაღალია. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები". ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღე-ღამური მაჩვენებელი – 26.320 ახალი შემთხვევა 2022 წლის 2 თებერვალს დაფიქსირდა.
ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 24.616-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.350.454-ს მიაღწია.
საქართველოში „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.