იანვარში საქართველოდან ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა

სხვადასხვა მოცულობით ღვინის ექსპორტი 123-მა კომპანიამ განახორციელა.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტირებულია 5,3 მილიონი ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 51%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ღვინის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა 11,6 მლნ აშშ დოლარს, ზრდამ კი 43%-ს მიაღწია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას შეფასებით, ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია როგორც რაოდენობრივად, ისე შემოსავლების მხრივ.
„ზოგადად, იანვრის თვე ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის მხრივ ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა წელს დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდის მაჩვენებელი, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია და ვიმედოვნებთ, რომ ზრდის ტენდენცია მთელი წლის განმავლობაში შენარჩუნდება“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ახალი რეკორდი - ღვინის ექსპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია სტრატეგიულ ბაზრებზე, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს: პოლონეთი - 103% (502.986 ბოთლი), ჩინეთი - 514% (278.493), ლიეტუვა - 114% (117.588), აშშ - 245% (79.890), ლატვია - 22% (92.892), ესტონეთი - 102% (64.344), იაპონია - 482% (17.280), დიდი ბრიტანეთი - 35% (42.528).
ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებშიც: უკრაინა - 93% (574.566), ყაზახეთი - 106% (99.672), ნიდერლანდი - 74% (18.270), შვედეთი - 234% (19.590), რუსეთი - 34% (3.204.979), მონღოლეთი - 23% (40.884) და სხვ.
აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან სხვადასხვა მოცულობით ღვინის ექსპორტი 123-მა კომპანიამ განახორციელა.