თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ" შტამით რეინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების შეფასებისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვითარება დაძაბულია, თუმცა მართვადი. მისი თქმით, პანდემიის დაწყებიდან გასული წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში კორონავირუსს 143 მედიკოსი ემსხვერპლა.
ეპიდემიოლოგის განმარტებით, საქართველოში ვაქცინირებულია ექიმების 82%, ექთნების 65% და სანიტრებისა და უმცროსი მედპერსონალის 55%.
„იანვარში ეს მაჩვენებელი უფრო მეტად გაიზრდებოდა, რადგან ჩვენ იანვარში „ომიკრონის" ფართო გავრცელება გვაქვს. აქედან გამომდინარე, სამედიცინო პერსონალში, რომელიც ფრონტის წინა ხაზზეა, ინფიცირების მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, მოიმატებდა“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კვლავ მაღალია. „ომიკრონთანაა“ დაკავშირებული ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები". ქვეყანაში ინფიცირების ყველაზე მაღალი დღე-ღამური მაჩვენებელი – 26.320 ახალი შემთხვევა 2022 წლის 2 თებერვალს დაფიქსირდა.
ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის პირველი შემთხვევა გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. მანამდე ქვეყანაში ცირკულირებდა კორონავირუსის ჩინური, ბრიტანული და ინდური შტამები.