„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – პროექტის ფარგლებში 70-მდე ოჯახს ბინები გადაეცა

პროექტის ფარგლებში 80 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, ხოლო საცხოვრებელი ფართებით 3 ათასამდე ოჯახი დაკმაყოფილდება.
Sputnik
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე ავარიულ კორპუსში მცხოვრებ 70-მდე ოჯახს ბინები გადაეცა, რითაც პროექტის „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პირველი ეტაპის განხორციელება დაიწყო.
რურუას ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსის ბინადრები ბათუმის მერიამ ქირით გასულ წელს გაიყვანა. ახალი საცხოვრებელი ფართები აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის საბინაო ფონდიდან შეირჩა.
ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის ერთობლივი სამთავრობო პროექტი ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობის ახალი საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. პროექტი ოთხწლიანია და ჯამში 80 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში 2025 წლისთვის საცხოვრებელი ბინებით 3 ათასამდე ოჯახი დაკმაყოფილდება.
ავარიული კორპუსიდან მცხოვრებლების უმეტესობა გავიდა
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახებს ზუსტად იმ ფართობის ბინა გადაეცემათ, რამდენსაც ავარიულ სახლებში ფლობდნენ.
ავარიული სახლების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2021 წლის 8 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, როდესაც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი, მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრი იყო. წინასწარი ვერსიით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი პირველ სართულზე სარემონტო სამუშაოების დროს მზიდი კედლების მოშლა გახდა.
წყარო: პირველი არხი