ანდრია გეგეჭკორი თბილისის 53-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს. ბავშვობიდან ხატავს და სამკაულების გაკეთებაც ეხერხება. თუმცა მათი რეალიზაცია არასოდეს უფიქრია, ვიდრე სამი წლის წინ მისი მეგობრის დას არ დაუდგინეს მძიმე დიაგნოზი. თავისი ნამუშევრების გაყიდვა საქველმოქმედო მიზნით სწორედ მაშინ გადაწყვიტა...
დღეს აბსტრაქტულ ნამუშევრებს ქმნის და საკუთარ მომავალს სახვით ხელოვნებას უკავშირებს. ამას გარდა სურვილი აქვს, რომ ვერცხლზე, ოქროსა და მინანქარზე მუშაობაც შეისწავლოს.
- ანდრია, მოდი, შენი ამბავი მოგვიყევი...
-15 წლის ვარ, ვცხოვრობ და ვსწავლობ თბილისში. ხატვა ჩემი ჰობია. სკოლის მერე მინდა, რომ სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარო. სამი წლის წინ, როცა ჩემი მეგობრის დას ლეიკემია დაუდგინდა, იმ პერიოდში საახალწლო სათამაშოებს ვაკეთებდი. გადავწყვიტე მას დავხმარებოდი. დავიწყე ჩემი გაკეთებული ნივთების გაყიდვა. თავიდან მათ მხოლოდ ახლობლები ყიდულობდნენ. როცა მიზეზი გაიგეს, მათი შეძენის მსურველი მეტი აღმოჩნდა. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ იმ გოგოს გამოჯანმრთელებაში ჩემი პატარა წვლილი მაინც შემეტანა...
- ამის შემდეგ ქველმოქმედება ცხოვრების წესად გექცა...
- ბოლო სამი წელია ჩემი ინსპირაციის წყარო - ქველმოქმედებაა, ვიღაცისთვის დახმარება. სამკაულები ქველმოქმედების მიზნით შარშანაც დავამზადე, როცა ზაფხულში ერთი გოგო მოხვდა ავარიაში და რეაბილიტაციისთვის ფული დასჭირდა. მაშინ ჩემი გაკეთებული სამკაულები გასაყიდად უბნის მაღაზიაში ჩავაბარე. მერე სოციალურ ქსელებში ჩემი გვერდი VIDA SHOP გავხსენი და მათი გაყიდვა იქაც დავიწყე.
- რა მასალისგან ამზადებ სამკაულებს?
- კულონებს, ყელსაბამებს, საყურეებს და ბეჭდებს ნატურალური ქვებისგან ვამზადებ. მათი მყიდველები გოგოები და ქალბატონები არიან, მაგრამ კაცის სამაჯურების ხაზიც მაქვს. ჩემი სამკაულების უმრავლესობა უჟანგავია და მათი ფერი არ ხუნდება. განსაკუთრებით საყურეების გაკეთება მომწონს.
- შენი სამკაულების ფასი ალბათ ყველასთვის ხელმისაწვდომია...
- დიახ, ასეა. მინდა, რომ ისინი ბევრმა შეიძინოს და უფრო მეტი ადამიანის დახმარება შევძლო. ჩემი ფავორიტი აქსესუარები, რომლებიც ტრენდულია, ოთხიდან ოც ლარამდე ღირს.
- ვინ არიან ისინი, ვინც გვერდით დაგიდგა?
- გვერდში დამიდგნენ ახლობლები და ოჯახის წევრები, რომლებიც ყველანაირად მეხმარებიან. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი უბნის მაღაზიის მფლობელი, ქალბატონი ხატია გიუნაშვილი, რომელმაც თავად შემომთავაზა ამ ნივთების მაღაზიაში ჩაბარება და გაყიდვა. აქვე მინდა ვახსენო ახლობელი ქალბატონი ნატალია მინდიაშვილი, რომლის შვილი გიო ბოჭორიშვილი ჩემი უახლოესი მეგობარია და ის ყველაფერში მეხმარება. უბნის მაღაზიაში ჩაბარების გარდა, ნამუშევრების ქუჩაში გაყიდვაც დავიწყე. მერე, როცა ჩემზე გაიგეს, ორბელიანის ქუჩაზე დახლი მოგვცეს და დღეს იქაც ვყიდით.
- მხატვრების ტრადიციული ოჯახიდან ხარ...
- დიახ, მამის მხრიდან ყველა მხატვარია და ყველას სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული. მე ხატვა კოვიდის დროს დავიწყე, როცა სახლებში გამოვიკეტეთ. განსაკუთრებით აბსტრაქციის ხატვა მომწონს, პეიზაჟებსაც სიამოვნებით ვხატავ.
- სახვით ხელოვნებასთან დაკავშირებით მომავალში რისი სურვილი გაქვს?
- ძალიან მინდა გამოფენა მოვაწყო, მაგრამ ვიცი, რომ გამოფენისთვის 50 ნახატი უნდა მქონდეს. ძირითადად ღამე ვხატავ, სამკაულებსაც მაშინ ვამზადებ, როცა სწავლისგან თავისუფალი დრო მაქვს. მინდა ჩემს თანატოლებს ვურჩიო, რომ თავისი საქმე იპოვონ და აკეთონ ის, რაც უყვართ.
- სიკეთეს როგორ გამოხატავ შენი სიტყვებით?
- სიკეთე ისეთი გრძნობაა, რომელსაც უსინათლოც „დაინახავს“ და იგრძნობს, ყრუც რომ „გაიგონებს“და იგრძნობს. ძალიან გამიხარდება, თუ ბევრ თანატოლს გაუჩნდება სურვილი, რომ სხვებს დაეხმაროს...