COVID-19 - ბოლო ცნობები

თუ საბერძნეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ: ქვეყანამ რეგულაციები შეამსუბუქა

საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში გამგზავრება PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ.
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საბერძნეთმა ქვეყანაში შესვლის რეგულაციები საქართველოსთვის და ევროკავშირის არაწევრი კიდევ 32 ქვეყნისთვის შეამსუბუქა. ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, განახლებული რეგულაციები ძალაში 7 თებერვლიდან შედის.
საკონსულოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეს საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ იგი სამი პირობიდან ერთ-ერთს აკმაყოფილებს:
ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო 9 თვის განმავლობაში.
ან წარადგენს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180-დღიანი მოქმედების ვადით.
ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან 24 საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.
გარდა ამისა, ყველა პირი ვალდებულია გამგზავრებამდე 24 საათით ადრე ელექტრონული აპლიკაცია შეავსოს ვებ-გვერდზე: https://travel.gov.gr/#/. ოჯახის წევრებს შეუძლიათ შეავსონ ერთობლივი ფორმა.
წყარო: საბერძნეთში საქართველოს საელჩო