თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. კიევში ოთხი უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა უკრაინის გენერალური პროკურორის თანაშემწეს. ამ ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
უკრაინელი სამართალდამცველები დაზარალებულის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა, სააგენტო „უკრინფორმის“ ინფორმაციით, საუბარია საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრზე და ყოფილ გენპროკურორზე ზურაბ ადეიშვილზე.
„ტვერსკის ჩიხიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანილია მამაკაცი, რომელსაც უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ... წინასწარ დადგენილია, რომ დაზარალებულს - გენერალური პროკურორის თანაშემწეს - ქუჩაში მიუახლოვდა ოთხი უცნობი პირი, სცემა მას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე.
პოლიცია თავდამსხმელთა ვინაობის დადგენას ცდილობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ყველაზე გავლენიან მინისტრს ზურაბ ადეიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენი 2012 წელს პატიმრების წამების საქმეზე გამოიტანეს.