ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთზე სატვირთოების მოძრაობა აღდგა

რუსეთ–საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ტრანსპორტის გადაადგილება დღეს, დილით შეიზღუდა.
Sputnik
თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე შეზღუდვები მოიხსნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა–გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების სრული ჩამონათვალი
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ ერთადერთი გამშვები პუნქტია, რომელიც დღეს ფუნქციონირებს საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი