თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში თოვლის საფარისგან საავტომობილო გზების წმენდის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება ავტონომიის მთავრობა.
რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ცენტრებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია, სპეცტექნიკა სოფლებთან მისასვლელ გზებს წმენდს.
ბათუმში შტორმმა და ძლიერმა ქარმა ძლიერად დააზიანა ახალი ბულვარი.
ზღვამ ახალ ბულვარში ბილიკი ხრეშით და ქვიშით დაფარა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, სანაპირო ზოლი.
„ბათუმის ქუჩების და სანაპირო ზოლის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი ადამიანური რესურსი. სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზის სავალი ნაწილი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარებისა და სანიაღვრე ცხაურების მოწესრიგება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ხორციელდება რეგულარული სამუშაოები ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებისა და სანაპირო ზოლის გასაწმენდად.
სინოპტიკოსების პროგნოზით, მთიან აჭარაში ინტენსიური თოვა რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.