თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გამოირთო, ნათქვამია მთის კურორტების განვითარების კომპანიის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბაკურიანში მიტარბის საბაგირო, სადაც დაახლოებით 25 ადამიანი იმყოფებოდა, რამდენიმე საათის წინ გაჩერდა და საჭირო გახდა მგზავრების ევაკუაცია.
„გამორთვის წუთიდან ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან. სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
ენერგოგამანაწილებელ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ კი აცხადებენ, რომ საბაგიროს მკვებავი ქსელი შეუფერხებლად მარაგდებოდა ელექტროენერგიით.
„მიტარბში და მიტარბის საბაგიროს მკვებავ სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილ ქსელში ავარიას ან რაიმე სახის შეფერხებას ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულ მონაკვეთებს ელექტროენერგია მიეწოდება ფიდერიდან „კოხტა გორა“, რომელზეც შეფერხება არ მომხდარა”, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
საბაგირო მინუს რვა გრადუსიან ყინვაში თითქმის ერთი საათის განმავლობაში იყო გაჩერებული.
მოქმედი ტექნიკური პროტოკოლით, სათხილამურო კურორტებზე არსებული ყველა საბაგირო ყოველ ორ წელიწადში მოწმდება, ხოლო მაგნიტურ-სადეპოზიტო კონტროლი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ტარდება.
საქართველოს ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია მდებარეობს: გუდაური (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა-მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი) და გოდერძი (მაღალმთიანი აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.