თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. მცხეთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ნაპოვნ დასუსტებულ ბატკანძერს (Gypaetus barbatus) ოპერაცია დასჭირდა, იუწყება არასამთავრობო ბუნებადამცველი ორგანიზაცია Nature Conservation Georgia.
ბატკანძერი - მტაცებელი ფრინველი ქორისებრთა ოჯახისა. ნისკარტის ორივე მხარეს ჩამოშვერილია ჯაგრისებრი ბუმბულის ორი კონა — „წვერი“. თავისი სახელის მიუხედავად, მაგრამ ცოცხალ ბატკნებს არასდროს არ ესხმის თავს და იკვებება ძირითადად დაღუპული ცხოველების ლეშით. გავრცელებულია ევროპის, წინა და ცენტრალური აზიისა და აფრიკის მთებში. საქართველოში გვხვდება სვანეთში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მთათუშეთში, ფშავ-ხევსურეთში, ლაგოდეხის ნაკრძალში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ახალციხისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
ქირურგიული ჩარევის შედეგად ფრინველის საყლაპავი მილიდან საკანცელარიო დანა ამოიღეს. რეაბილიტაციის კურსის შემდეგ ბატკანძერს ველურ ბუნებაში დააბრუნებენ.
ფრინველის მკურნალობის ხარჯები მთლიანად დაფარა ორგანიზაციამ Nature Conservation Georgia.
ბატკანძერი, რომელსაც ფრენა არ შეეძლო, სოფელ ნიჩბისის მცხოვრებმა რამდენიმე დღის წინ იპოვა. მამაკაცმა თბილისის ზოოპარკს მიმართა, შემდეგ ფაქტის შესახებ აცნობეს ეკოლოგიური ზედამხედველობის დეპარტამენტს. ბატკანძერი ზოოპარკში მოათავსეს. ორი დღის შემდეგ, როდესაც ფრინველი ადამიანებს შეეჩვია და დამშვიდდა, ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაუტარდა. გამოკვლევების შედეგად ოპერაციის ჩატარება გადაწყდა.
ბატკანძერის სხეულის სიგრძე 95–125 სანტიმეტრს აღწევს, მასა კი 4,5–7,5 კილოგრამს. ზოგიერთი ეგზემპლარის ფრთების შლილი სამ მეტრს აჭარბებს.