ევროპის ჩემპიონატი რაგბიში: საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუზავდა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს 12 თებერვალს ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს
Sputnik
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში თბილისში პორტუგალიის ნაკრები ვერ დაამარცხა - ფრე 25:25.
შეხვედრის პირველ ნახევარში ლევან მაისაშვილის შეგირდებმა 15 ქულა დააგროვეს. ორი ზუსტი ლელო აკა ტაბუცაძემ და გრიგორ ქერდიყოშვილმა დაამიწეს. ამას თედო აბჟანდაძის საჯარიმო დარტყმა და გარდასახვა დაემატა. სტუმრებმა „ბორჯღალოსნების“ ჩათვლის ზონაში ერთი ლელოთი და ორი საჯარიმოთი უპასუხეს. შეხვედრის პირველი ნახევარი ანგარიშით 15:11 დასრულდა.
მეორე ტაიმში ქართველებმა აბჟანდაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ უპირატესობა გაზარდეს. თუმცა ამის შემდეგ ინიციატივა პორტუგალიელების მხარეს გადავიდა და „ბორჯღალოსნების“ შეცდომების ფონზე 14 ქულის მოპოვება მოახერხეს (ორი ლელო + ორი გარდასახვა).
საქართველოს ნაკრები წაგებას თორნიკე ჯალაღონიამ (ლელო) და აბჟანდაძემ (გარდასახვა) გადაარჩინეს.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მაისაშვილმა მატჩისთვის ოპტიმალური შემადგენლობის დაყენება ვერ შეძლო. თამაშისთვის მზადების დროს საქართველოს ნაკრებს კორონავირუსის გამო ცხრა მორაგბე გამოეთიშა.
ევროპის ჩემპიონატის მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 12 თებერვალს გასვლაზე ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს.