თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოს გრან-სლემის გამარჯვებულია, ვაჟა მარგველაშვილი და ჯაბა პაპინაშვილი კი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.
საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი დაიწყო, სადაც საქართველოს ნაკრები ექვსი სპორტსმენით არის წარმოდგენილი. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი ნაკრებიდან სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა და სამივე მათგანი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ.
პარიზის გრანდ-სლემის პირველი ნომერი ლაშა შავდათუაშვილი, რომელიც 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა ტურნირის ფინალში იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს შეხვდა და გაფრთილებების ხარჯზე მეტოქის დამარცხება მოახერხა.
მანამდე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯაბა პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ სპორტსმენს, კარამატ ჰუსეინოვს სუფთა გამარჯვებით სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
პაპინაშვილის შემდეგ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ვაჟა მარგველაშვილიც (66 კგ), რომელმაც მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგი დაიკი ბუბა ულამაზესი ილეთით დაამარცხა.
პარიზის გრანდ-სლემი 5-6 თებერვალს იმართება. ხვალ 6 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქში საქართველოს სახელით ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე და ბექა ღვინიაშვილი იასპარეზებენ.