თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. საკონკურსო კომისიებმა ახალი სტრუქტურების - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატები შეარჩიეს, რომლებიც განსახილველად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წარედგინება, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
თითოეულ პოზიციაზე სამ-სამი კანდიდატია შერჩეული: სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - ელენე ალავერდაშვილი, ემზარ გაგნიძე და კარლო კაციტაძე. ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე - კახა მაღრაძე, ლელა ჯანაშვილი, თამარ ალფაიძე.
პრემიერ-მინისტრმა უნდა ორ-ორი კანდიდატი შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს. სამსახურის ხელმძღვანელების ვინაობა კენჭისყრის შედეგად გამოვლინდება.
ახალი სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე იქმნება. დაჩქარებული წესით ცვლილებების მიღებამ ომბუდსმენისა და ოპოზიციის, ასევე თავად სახელმწიფო ინსპექტორის უკმაყოფილება გამოიწვია. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა პრეზიდენტიც, მაგრამ კანონპროექტს ხელი მაინც მოაწერა.
ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილი საქართველოს დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება 1 მარტს - იმავე დღიდან ახალი სტრუქტურები ამუშავდება.
მმართველი პარტიის დეპუტატები რეფორმას ინტერესთა კონფლიქტით ხსნიან, როდესაც პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე და საგამოძიებო ორგანოების მხრიდან მათი გაჟონვის დაუშვებლობაზე პასუხისმგებელი ორგანო თავადვე ასეთივე საგამოძიებო ორგანოა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს მოხელეების დანაშაულებს, პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური კი გააკონტროლებს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და საიდუმლო საგამოძიებო მოქმედებების საკითხს, მათ შორის, ფარულ მოსმენებს.
წყარო - მთავრობის ადმინისტრაცია