ბავშვი პატარა მკვლევარია, ხოლო კვლევისთვის მას ესაჭიროება შესაფერისი გარემო და იარაღები. სათამაშო კი სწორედ ასეთი იარაღია.
სტატიაში შემოგთავაზებთ „შპარგალკას“, რომელიც ბავშვის ასაკის მიხედვით სასურველი სათამაშოს შერჩევაში დაგეხმარებათ. განგიმარტავთ მათ სარგებელსა და დანიშნულებას.
ასაკი 0-3 თვე:
მხედველობის განვითარება: საწოლთან დასაკიდებელი სათამაშოები უნდა იყოს მსუყე ფერისა (წითელი, ყვითელი, ლურჯი ან მწვანე) და სადა, ანუ არა კოპლებიანი, კუბოკრული თუ ზოლიანი. სათამაშო უნდა დაიკიდოს ბავშვის საწოლთან, ფეხების მხარეს, თვალებიდან დაახლოებით 30-40 სანტიმეტრის დაშორებით და არა უშუალოდ თავთან;
სმენის განვითარება: ზარები და საჩხრიალოები, რომლებიც მკვეთრ და სასიამოვნო ბგერებს გამოსცემს;
ტაქტილური განითარება: ბავშვს ხელზე, ფეხებზე, ტანზე უნდა გადაუსვათ ხოლმე სხვადასხვა ნაჭრები: შალი, ველვეტი, ხავერდი, ფლანელი, ხაოიანი ქსოვილი, ბამბის ქსოვილი, ტყავი, რეზინა, ღრუბელი.
ასაკი 3-6 თვე:
ამ დროს ბავშვი იწყებს ობიექტების გამოკვლევას სხვადასხვა გზით – მისი ტაცებით, მოსინჯვით, დათვალიერებით, გარშემო საგნებზე დარტყმით, პირში ჩადებით, ღეჭვით, წოვით.
ამისთვის კარგია ისეთი საგნები, რომლებზე ხელის მოკიდება ბავშვს არ გაუჭირდება: სხვადასხვა მასალით დამზადებული ბოსტნეულის, სოკოს, ცხოველების ფიგურები, კუბიკები, კბილის ჯაგრისი, ხის კოვზი, ზარები და ა.შ.
ეს საგნები უნდა ჩამოიკიდოს საწოლის თავზე გადაჭიმულ ზონარზე ისე, რომ ბავშვს ხელის მიწვდენა შეეძლოს.
ამ ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია არა მხოლოდ სათამაშოს ხელში დაჭერა, არამედ გადაბრუნება, ხოხვა. შესაბამისად, უნდა მოუწყოთ სათამაშო „მოედანი“ — განმავითარებელი ხალიჩა, რომელზეც თაღისებურად იქნება გადასული სათამაშოების საკიდი.
სათამაშოების რაოდენობა არ უნდა იყოს ბევრი. ამ დროს ბავშვს სწრაფად გადააქვს ყურადღება ერთი საგნიდან მეორეზე, ხდება პერესტიმულაცია და სასურველ ეფექტს ვერ მიიღებთ.
აქტიური, მუდმივად ბავშვის გვერდით არსებული სათამაშოების რაოდენობის კლასიკური ფორმულაა „ხუთს პლუს-მინუს ორი“. გამოცდილი პედიატრები იმასაც ამბობენ, რომ სათამაშოების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სამს.
სათამაშოები უნდა იყოს სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა ფაქტურისა და გამოსცემდნენ სხვადასხვა ხმებს. ისინი უნდა განთავსდეს ბავშვის თვალებიდან დაახლოებით 20-30 სანტიმეტრის დაშორებით — ისე, რომ ბავშვს შეეძლოს მიწვდეს და მიიზიდოს თავისკენ.
ამ ასაკში ბავშვს აინტერესებს სხეულის ნაწილების შეცნობა: გაუკეთეთ მკვეთრი ფერის სამაჯური (ნაჭრის, რეზინის) ან ჩამოაცვით ფერადი წინდა ხელებზე. დაეხმარეთ ბავშვს, რომ დაინახოს თავისი ხელები.
გარდა ამისა, ამ ასაკში ბავშვს უყვარს საკუთარი სახის დანახვაც. ამიტომ პატარა ხშირად უნდა აიყვანოთ ხელში და მიიყვანოთ სარკესთან.
წვრილი მოტორიკის განვითარებისთვის სასარგებლოა სხვადასხვა ფორმისა და ფერის სათამაშოები, რომელთა ფორმებიც მრავალფეროვანია: ხის ან ნაჭრის კუბიკები, ნაჭრის წიგნები, რა დროსაც ბავშვი სხვადასხვა ფაქტურას შეეხება. ასეთი წიგნები თავადაც შეგვიძლია შევკეროთ სახლში არსებული სხვადასხვა ქსოვილებისგან. ის უნდა იყოს პატარა, რომ ბავშვმა მოხერხებულად დაიჭიროს ხელში.
ამ ასაკში ბავშვისთვის უკვე საინტერესოა თოჯინები და ცხოველები, რომლებიც გადატრიალებისას ხმებს გამოსცემენ.
ასაკი 6-9 თვე:
ამ ასაკის ბავშვის ინტერესი უკვე სცილდება ხალიჩას, მას შეუძლია ხოხვა, ცდილობს ფეხზე წამოდგომას და მშობლის ამოცანაა, შექმნას უსაფრთხო გარემო.
ამ დროს ბავშვს უკვე შეუძლია ორივე ხელით მოქმედება, ერთი საგნის მეორეზე დარტყმა. ამიტომ მას უკვე სჭირდება სათამაშო ჩაქუჩი, მარტივი ქსილოფონი, დიდკლავიშებიანი მუსიკალური ინსტრუმენტები, ან სულაც კოვზები და ალუმინის ქვაბის სახურავები.
კიდევ უნდა ჰქონდეს: სხვადასხვა ზომის მსუბუქი ბურთები, დიდი ზომის კუბიკები, რომლებსაც გადააადგილებს, დაშლის, გადმოყრის, ესვრის ბურთს; დიდი ზომის მანქანები, რომლებსაც შეიძლება ბაწარი გამოაბათ და ბავშვმა თავისკენ მოქაჩოს ან გააგოროს.
ამ ასაკისთვის უკვე კარგია დიდი ზომის კონსტრუქტორები, როდესაც ერთი საგანი შეიძლება მეორეში ჩაჯდეს.
გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აქტუალურია წიგნები — ნაჭრის, სქელი მუყაოსი თუ პლასტიკატის, სადაც ცხოველები ღილაკზე ხელის დაჭერისას ხმებს გამოსცემენ.
ამავე ასაკში, როცა ბავშვი უკვე ზის აბაზანაში, ბანაობისას შეიძლება წყალში ჩავუყაროთ სხვადასხვა მოცურავე სათამაშოები.
ასაკი 9-12 თვე:
ამ ასაკის ბავშვი უკვე კარგად ხმარობს ორივე ხელს, შეიძლება დადიოდეს და დარბოდეს კიდეც.
ამ დროს შედარებით რთულ სათამაშოებზე უნდა გადავიდეთ. მაგალითად:
ბზრიალა — ან ისეთი სათამაშოები, რომლებიც ტრიალებს და დადის. მათით თამაში ბავშვისთვის ძალიან სასიამოვნოა. ამგვარი გართობისას ბავშვს უვითარდება წვრილი მოტორიკა, კოორდინაცია, სივრცის აღქმა.
დოლი და ქსილოფონი — როდესაც ხმა დამოკიდებულია დარტყმის სიძლიერეზე;
პირამიდა — ანუ სათამაშოები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ისეთი დეტალები, რომლებიც ერთმანეთში ჯდება მათი ფორმის და ზომის გათვალისწინებით;
ბურთები — სხვადასხვა ზომისა და სიმკვრივისა. ისინი კოორდინაციის განვითარებისთვისაა აუცილებელი. გარდა ამისა, წონასწორობის დაცვას ბავშვი სწავლობს საქანელებზე და პატარა სასრიალოებზე;
ბარი და ვედრო — ამ ასაკში სეირნობისას ბავშვი უკვე კარგად გაერთობა ქვიშაში თამაშით;
საგორავებელი სათამაშოები — რომლებიც ბავშვებს ძალიან უყვართ. თუ მანქანას ან ცხოველს მოვაბამთ თოკს, მას ბავშვი უფრო ხალისით აგორავებს და ასეირნებს;
ფანქრები და ცარცი — ამ ასაკისთვის ბავშვი უკვე შეიძლება დაინტერესდეს ხატვით.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: სათამაშო მხოლოდ დამხმარე საგანია ბავშვის განვითარებისთვის. მთავარი ბავშვთან მშობლებისა და ოჯახის წევრების მუდმივი ურთიერთობა და მათი მზრუნველობაა!