თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე სახელობითი კენჭისყრით საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩიეს.
პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუალედური არჩევნები საქართველოში 2 აპრილს გაიმართება, ამ დღეს რუსთავი–გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.
„გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით ცესკოს სხდომა პირდაპირი ტრანსლირებით ცესკოს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო დაკვირვებოდა დროებითი წევრების არჩევის პროცესს“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომისიის ცნობით, კონკურსანტებთან გასაუბრება საჯარო იყო. ცესკოს ნებისმიერ წევრს, სურვილის შემთხვევაში შეეძლო კონკურსანტებს ონლაინ-ფორმატში გასაუბრებოდა, ჰქონდა შესაძლებლობა გასაუბრების საფუძველზე დაედგინა კონკურსანტების უნარ-ჩვევები და მოტივაცია, ასევე დეტალურად მიეღო ინფორმაცია მათი გამოცდილების შესახებ.
„აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არც ცესკოს და არც კონკურსანტებს არ ავალდებულებს კონკურსის მიმდინარეობისას გასაუბრების წარმართვას, თუმცა გასაუბრების ორგანიზება და პირდაპირი ტრანსლირება უშუალოდ საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას უწყობს ხელს და ასახავს რეალურ სურათს, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საარჩევნო ადმინისტრაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრების არჩევისას“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
შუალედური არჩევნებისთვის სამ საოლქო საარჩევნო კომისიაში (რუსთავის №20, გარდაბნის №21 და ბათუმის №79) გამოცხადებულ კონკურსებზე სულ 31 განაცხადი შევიდა.
კონკურსის მომდევნო ეტაპზე 28 (10 ქალი და 18 მამაკაცი) პირი გადავიდა. გასაუბრებაზე სულ 18 კონკურსანტი გამოცხადა, პირდაპირ ტრანსლირებაზე თანხმობა 13-მა განაცხადა.
გასაუბრება ონლაინ გაიმართა 4 ლოკაციიდან: ცესკოდან, ბათუმის, რუსთავისა და გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიებიდან.
როგორც კომისიაში აღნიშნეს, ყველა კანდიდატს სხვადასხვა წლებში საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
რუსთავის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2020 წელს არჩეულმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავის მერის პოსტი დაიკავა.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მაჟორიტარულ არჩევნებს, ის შემოდგომაზე არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
წყარო: ცენტრალური საარჩევნო კომისია