ბრძოლა გუნდური ფინალისთვის – ქართველი მოციგურავეების წარმატება ოლიმპიადაზე

ქართველ მოციგურავეებს გუნდური პირველობის ფინალში მოხვედრის რეალური შანსი აქვთ, ფინალისტების ვინაობა კი 6 თებერვალს ქალთა მოკლე პროგრამის შემდეგ გაირკვევა.
Sputnik
თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადა ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით დაიწყეს.
ოლიმპიადის პირველ დღეს ქართული დელეგაციიდან მორის ყვითელაშვილი და კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას წყვილი წარდგა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მოციგურავეები გუნდურ შეჯიბრებაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად იღებენ მონაწილეობას.
ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა, რომელიც საქართველოს ნაკრების დანარჩენ წევრებთან ერთად გუნდურ პირველობაზე ასპარეზობს, მოკლე პროგრამით გამოსვლა სუფთად შეასრულა და 92,37 ქულა დაიმსახურა. აღნიშნული მაჩვენებლით მან მეოთხე ადგილი დაიკავა და მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს. ქართველი მოციგურავე თავისუფალ პროგრამას 7 თებერვალს შეასრულებს.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტულ ცეკვებში იასპარეზეს კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამაც. მათ სპორტული ცეკვების მოკლე პროგრამაში 64,79 ქულა მიიღეს და გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს.
გუნდურ პირველობაზე ფინალში გამსვლელი ოთხეული ფაქტობრივად გარკვეულია, მეხუთე საგზურისთვის კი, სავარაუდოდ, სამი ნაკრები იბრძოლებს: იტალიას 18 ქულა აქვს, კანადას – 16, საქართველოს – 15.
ფინალური ეტაპის მონაწილეებს ქალთა მოკლე პროგრამა გადაწყვეტს, რომელიც 6 თებერვალსაა დაგეგმილი. შეჯიბრების დასრულების შემდეგ ქულები შეიკრიბება და მედლებისთვის ბრძოლას 10-დან 5 მოწინავე ნაკრები გააგრძელებს. ქალთა მოკლე პროგრამაში საქართველოს ნაკრების ღირსებას ანასტასია გუბანოვა დაიცავს.
ზამთრის XXIV ოლიმპიადა პეკინში 4-დან 20 თებერვლის ჩათვლით იმართება, სადაც ქართული დელეგაცია ცხრა სპორტსმენით არის წარმოდგენილი.