თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სლოვაკეთმა ვაშინგტონში სამხედრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, იუწყება Deutsche Welle.
გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იაროსლავ ნადიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკმა მოაწერეს.
აღნიშნული შეთანხმება შესაძლებლობას აძლევს აშშ-ს, გააფართოვოს სამხედრო ყოფნა სლოვაკეთში, კერძოდ, სამხედრო აეროდრომების — მალაცკი კუხინიასა და სლიაჩის მოდერნიზაციის გზით.
იმისათვის, რომ დოკუმენტი ძალაში შევიდეს, საჭიროა სლოვაკეთის პარლამენტის მიერ რატიფიცირება, შემდეგ კი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ დამტკიცება.
აღინიშნება, რომ შეთანხმების გაფორმებას სლოვაკეთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ქვეყანაში საპროტესტო აქციები გაიმართა. დოკუმენტის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ამან შესაძლოა რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაკარგვა და ამერიკული ძალების მიერ სლოვაკეთის კანონმდებლობის დარღვევა გამოიწვიოს.
„ეს შეთანხმება თანამშრომლობასა და პატივისცემას ეფუძნება. ის სლოვაკეთმა და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივად მოამზადეს, როგორც თანასწორუფლებიანმა და სუვერენულმა პარტნიორებმა, და ორივე ხალხის ინტერესებს წარმოადგენს“, — განაცხადა ენტონი ბლინკენმა დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონიაზე.
ამასთან მან დაგმო გარიგების შინაარსის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია და აღნიშნა, რომ აშშ სლოვაკეთში არც მუდმივი სამხედრო ბაზების შექმნას და არც ამერიკული ჯარების მუდმივ განთავსებას არ აპირებს.
შეთანხმების პირობებით, შეერთებული შტატები ორი სამხედრო აეროდრომის მოდერნიზაციას დააფინანსებს, რომლებიც სლოვაკეთის საკუთრებაში დარჩება, ხოლო ამერიკელი სამხედროები შეძლებენ უფასოდ ისარგებლონ ამ აეროდრომებით.
წყარო: Deutsche Welle