თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში კორონავირუსით 10.687 ორსული დაინფიცირდა. ბოლო სტატისტიკური მონაცემები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) 2020-2021 წლების ანგარიშშია მოყვანილი.
საქართველო „ომიკრონით“ გამოწვეულ კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელთანაც დაკავშირებულია ბოლო დღეების ანტირეკორდები. ოთხშაბათს კორონავირუსის 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როდესაც იანვრის შუა პერიოდში ინფიცირებულთა საშუალო მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო.
ანგარიშის მიხედვით, COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში ექიმების ანტენატალური მეთვალყურეობის ქვეშ იყო 129.341 ორსული, 2020 წელს – 66.359, ხოლო 2021 წელს – 62.982.
ორსულთა ინფიცირება შემთხვევების საერთო რაოდენობაში 8,2%-ს შეადგენს. მათგან 2020 წელს 3.362 დაინფიცირდა, 7.326 – 2021 წელს.
ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 25-29 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.
ანგარიშის მიხედვით, ორსულთა ასაკის მატებასთან ერთად აცრილთა პროცენტიც იზრდება. ყველაზე აქტიურად ორსულები იცრებოდნენ თბილისში – 17%, შემდეგ მოდის აჭარა – 12%. საუბარია სრულად (ორჯერადად) აცრილ ქალბატონებზე.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 1,2 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვმა – 15 ათასს.
ოთხშაბათს კორონავირუსით ინფიცირების 26 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. გარდა ამისა, კვლავ მაღალია სიკვდილიანობაც. ყოველდღიურად ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან 30-40 პაციენტი იღუპება.