COVID-19 - ბოლო ცნობები

ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას: – რას ითვალისწინებს 2022 წლის იმუნიზაციის გეგმა

Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2022 წლის ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა იყოს ვაქცინირებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
ხუთშაბათს იმუნიზაციის საბჭომ მოსახლეობის იმუნიზაციის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.

„ყველას ვურჩევთ ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებას. ვაქცინების მარაგი გვაქვს. „ბუსტერს“ სერიოზული შემზღუდავი მექანიზმი გააჩნია. ახალი გეგმა ასეთია – ივლისამდე მოსახლეობის 70% აცრილი უნდა იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, იმუნიზაციის ახალი გეგმა ითვალისწინებს საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას, მონეტარულ წახალისებას, 12 წლამდე მოზარდების სპეციალური დოზით ვაქცინაციას.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ბუსტერ–დოზა „ომიკრონისგან" დაავადების რისკს 80%-ით ამცირებს
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველო გარკვეულ პიკურ პერიოდს გადის, დადებითობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია – 30,05%.
3 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.736.590 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.337.957 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 46,6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 1.224.149 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 42.3%. ე.წ. ბუსტერ-დოზა გაკეთებული აქვს 172.139 ადამიანს.