ნუ იჩქარებთ ზედმეტად დამწიფებული და დარბილებული ბანანის გადაყრას. აშშ-სა და კანადაში ძალიან უყვართ ე.წ. ბანანის პური, რომელიც სინამდვილეში პური სულაც არ არის. ეს უგემრიელესი და უმარტივესი კექსია, რომლის რეცეპტსაც აქვე გთავაზობთ.
მანამდე კი გეტყვით, რომ „ბანანის პურის“ რეცეპტის შექმნის ზუსტი თარიღი არავინ იცის. ზუსტად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ეს 1933 წელზე გვიან არ მომხდარა, ვინაიდან სწორედ მაშინ გამოქვეყნდა ერთ ამერიკულ კულინარიულ წიგნში.
თქვენ დაგჭირდებათ:
კარაქი ან მარგარინი — 100 გ;
კვერცხი — 1 ცალი;
შაქარი — 1 ჭიქა;
ბანანი — სასურველია 3 ცალი, საშუალო ზომის;
ფქვილი 1,5 ჭიქა;
სოდა — 1 ჩაის კოვზი;
დაჭრილი ნიგოზი — 2/3 ჭიქა.
მომზადების წესი:
დარბილებული კარაქი ან მარგარინი ათქვიფეთ შაქართან ერთად.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შეაზილეთ ამ მასას, შემდეგ კი დაჭყლეტილი ბანანიც შეურიეთ.
ამის მერე შეაზილეთ ფქვილი და სოდა და კარგად აურიეთ.
შემდეგ მიქსერი ან ბლენდერი გვერდზე გადადეთ და მიღებულ მასას ნიგოზი კოვზით შეურიეთ.
ცომი ცხიმწასმულ ან ქაღალდჩაფენილ ფორმაში მოათავსეთ და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით. აცხვეთ 50 წუთის განმავლობაში.
გამომცხვარი კექსი გააციეთ და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღეთ ფორმიდან.
გარწმუნებთ, ასეთი ფაფუკი და გემრიელი კექსი გასინჯული არ გექნებათ.
გაითვალისწინეთ: 100 გ ბანანის კექსის კალორიულობა „სულ რაღაც“ 326 კილოკალორიაა.