თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესული უძველესი ქართული ხელნაწერები Google Arts & Culture-ზე განთავსდა.
ეროვნული არქივის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების პროგრამისა და Google Arts&Culture-ის თანამშრომლობის შედეგად UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შესულ დოკუმენტებს პორტალზე Google Arts& Culture ცალკე სექცია დაეთმო.
„მათ შორის სრულად არის წარმოდგენილი ეროვნულ არქივში დაცული ყველა ის ხელნაწერი, რომელიც ამ დრომდე UNESCO-ს მიერ მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ნაწილად არის აღიარებული", – აღნიშნულია განცხადებაში.
ეს დოკუმენტებია: ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" (1745 წელი), IX-XV საუკუნეების 8 უძველესი ქართული ხელნაწერი და სახარება-პალიმფსესტი (IX-X, XII-XIII, XIV სს.).
UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრის კომიტეტმა 2013-2017 წლებში ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები მსოფლიო მეხსიერების რეესტრში ზედიზედ სამჯერ შეიტანა.
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივი