თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში „მინისტრის საათის“ ფორმატში მთავრობის ექვს წევრს მოუსმენს, ნათქვამია პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ბიუროს სხდომაზე დამტკიცებული გრაფიკის თანახმად, კანონმდებლების წინაშე პირველი ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრები წარდგებიან.
დეპუტატები ასევე მოუსმენენ სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის მინისტრებს. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მინისტრების გამოსვლებს რეგიონული განვითარებისა და თავდაცვის მინისტრები დაასრულებენ.
მთავრობის დანარჩენი წევრები კანონმდებლების წინაშე საშემოდგომო სესიის ფარგლებში წარდგებიან.
„მინისტრის საათის“ ფორმატი 2019 წელს დაწესდა. კონსტიტუციის თანახმად, მინისტრთა კაბინეტის თითოეული წევრი ვალდებულია წლის განმავლობაში პარლამენტის წინაშე წარდგეს.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, მინისტრების გარდა, დეპუტატების წინაშე წარდგებიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
წყარო: საქართველოს პარლამენტი