ცხოვრება, როგორც მოგზაურობა საზღაპრეთში, ანუ „მგელი ბიძიას“ ყველაზე დიდი ჯილდო

თეატრის სამყაროში ბავშვობიდან, სკოლის ასაკში აღმოჩნდა. შემდეგ მოსკოვის ხელოვნების უნივერსიტეტი დაამთავრა.
Sputnik
თეატრალური მოღვაწეობა მსახიობმა და რეჟისორმა ვახტანგ გიგინეიშვილმა ბათუმის თოჯინების სახელმწიფო თეატრში დაიწყო. მას შემდეგ ბავშვების საყვარელ სცენურ პერსონაჟად იქცა. 2005 წელს მსახიობების მცირე ჯგუფთან ერთად ბათუმის თოჯინების თეატრიდან წამოვიდა და დაბადების დღის ცენტრი გახსნა. მის ბაზაზე კი თოჯინების დამოუკიდებელი თეატრი შექმნა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭა.
ვახტანგ გიგინეიშვილი
- ბატონო ვახტანგ, როდის გაჩნდა თეატრი თქვენს ცხოვრებაში?
– ბავშვობიდან თეატრში გავიზარდე. სკოლის მერე შვიდი წელი თეატრში ვიმუშავე და მასობრივ სცენებში პატარ-პატარა როლებიც მქონდა. 1980 წელს ბათუმში გაიხსნა თოჯინების სახელმწიფო თეატრი, სადაც ბევრი ჩემი მეგობარი გადავიდა. მათ შორის მეც აღმოვჩნდი. მაშინ დაიწყო ჩემი ნამდვილი თეატრალური ცხოვრება, რამაც პოპულარობა მომიტანა. ბავშვები ძალიან მიყვარს, თეატრმა კი ეს სიყვარული უფრო გამიმძაფრა. მიხარია, რომ დიდ და გულწრფელ სიყვარულს მათგანაც ვგრძნობ.
სპექტაკლის დროს
- განსაკუთრებით მგლის როლმა მოგიტანათ ბავშვების სიყვარული...
– პირველად მგლის როლი ვითამაშე ორლოვის პიესაში „ოქროს წიწილა“, აქედან დაიწყო ჩემი „მგლის კარიერა“. შემდეგ იყო „ბუტია“ და „სამი გოჭი“, სადაც ისევ მგელი ვითამაშე. მოკლედ, მას შემდეგ მგლის როლი კიდევ არაერთხელ ვითამაშე. დღესაც კი, როდესაც ბათუმის ქუჩებში დავდივარ, ბავშვები მაშინვე მცნობენ და უკან მომდევენ ყვირილით – „მგელი ბიძია მოდის!“.
მსახიობი და რეჟისორი ვახტანგ გიგინეიშვილი
- ბათუმის თოჯინების თეატრიდან წამოსვლის შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელეთ საქმიანობა...
– დიახ, ეს იყო 2005 წელს, როცა მსახიობების ერთი ჯგუფი ბათუმის თოჯინების პროფესიული თეატრიდან წამოვედით. მაშინ მე და ჩემმა მეგობარმა, რეჟისორმა რეზო ბაინაზიშვილმა დაბადების დღის საბავშვო ცენტრი „ბერიკები“ გავხსენით. შემდეგ კი მის ბაზაზე თოჯინების თეატრი ავამუშავეთ. იმ თეატრში დავდგი მიხეილ სუპონინის „ბუტია“, ვლადიმერ მასლოვის „აბეზარა“ და გუგა ნახუცრიშვილის „ნაცარქექია“. პატარებში სამივე სპექტაკლი წარმატებით სარგებლობდა. რაც შეეხება ჩემს მოღვაწეობას ოზურგეთის თოჯინების მუნიციპალურ თეატრში, თავის დროზე იქ თოჯინების თეატრის დამაარსებელმა, ბატონმა ოთარ კუტალაძემ მიმიწვია. ოზურგეთის თეატრში დავდგი სპექტაკლები: ვლადიმერ მასლოვის ,,აბეზარა“, გურამ პეტრიაშვილის „მეფე, პეპელა და ვეზირი“, ნიკუ პოპესკუსროგორ იპოვეს ზღარბებმა ერთმანეთი“ და „მოგზაურობა საზღაპრეთში“. ეს უკანასკნელი ჩემი პიესაა. პრინციპში, მთელი ჩემი ცხოვრება სიმბოლურად სცენის გავლით ასეთი მოგზაურობაა... ოზურგეთის თოჯინების თეატრიდან წამოსვლის შემდეგ ჩამოვაყალიბე თოჯინების დამოუკიდებელი თეატრი „რიჩი“. ეს გახლავთ ჩემივე მეტსახელი, თიკუნი, რითაც მიცნობენ თეატრალურ წრეებში, და არა მარტო ამ წრეებში.
ვახტანგ გიგინეიშვილი
- პანდემიამდე საახალწლო დღეებში თეატრის მიღმაც სრული დატვირთვის მუშაობდით, რაიმე სახალისო შემთხვევა ხომ არ გახსენდებათ?
- ბათუმის თეატრში მუშაობის პერიოდში თეატრის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საჩუქრად ბუს, ოჩოპინტრეს, პინგვინის, დათვისა და თხის საკარნავალო კოსტუმები გადმომცა. ახალი წლის დღეებში მე ოჩიპინტრეს კოსტიუმს ვიცვამდი და სხვებთან ერთად ერას მოედანზე, დიდ ნაძვის ხესთან გამოვდიოდი. ერთ დღეს მოვედი თეატრში და ვნახე, რომ ოჩოპინტრეს კოსტიუმი აწ გარდაცვლილ მეგობარს, მსახიობ თენგიზ სარდანაშვილს ეცვა. რა უნდა მექნა? ავდექი და თხის კოსტუმი ჩავიცვი – სახე მაინც არ მიჩანდა. მოკლედ, გავედით ერას მოედანზე და ამ დროს იქ აჭარის ტელევიზიის რუსული საინფორმაციო პროგრამის ჟურნალისტი გაჩნდა და მეკითხება: Вы кто? რა უნდა მეთქვა? ვუპასუხე: Я козел, Вахтанг Гигинеишвили. ჟურნალისტი ჩემს ასეთ პასუხს არ ელოდა და პირდაპირ ეთერში იმდენი იცინა, რომ სხვა კითხვის დასმა ვეღარ მოახერხა. ასეთები ვართ მსახიობები, ყველა სიტუაციაში იმპროვიზაცია და იუმორი გვშველის...
მეგი დგებუაძე და ვახტანგ გიგინეიშვილი
- თქვენს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბათუმის მერიამ აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მოგანიჭათ, რას ნიშნავს ეს აღიარება თქვენთვის?
- გასული წლის ოქტომბერში 60 წელი შემისრულდა და ქალაქ ბათუმის მერიამ იუბილესთან დაკავშირებით აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მომანიჭა, რისთვისაც კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას ბათუმის მერიის და პირადად ბათუმის მერის, ბატონ ირაკლი ჩიქოვანის მიმართ. ასევე მადლობას მოვახსენებ ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორს, შესანიშნავ ქალბატონს თამარ მესხიძეს და რეჟისორს, ჩემს მეგობარს რევაზ ბაინაზიშვილს. ეს ტიტული ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, გამოდის, რომ ტყუილად არ მიშრომია. ბედნიერებაა, რომ დღემდე ბავშვების საყვარელი მსახიობი ვარ. პატარების სიყვარული - თავისთავად დიდი აღიარება და ყველაზე საპატიო ჯილდოა ჩემთვის!..