თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუალედური არჩევნები საქართველოში 2 აპრილს გაიმართება, გადაწყვეტილება ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ცესკოს ინფორმაციით, რუსთავის ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, სადაც ამომრჩეველი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.
ბათუმში კი ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნები ჩატარდება.
შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.
რუსთავის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2020 წელს არჩეულმა ნინო ლაცაბიძემ გასული წლის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავის მერის პოსტი დაიკავა.
რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მაჟორიტარულ არჩევნებს, ის შემოდგომაზე არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო დაინიშნა.