ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

40-წლიან ციხეს გადაურჩნენ: მკვდარი ხოჭოების გამო დაკავებული ზოოლოგები გაათავისუფლეს

Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც შრი-ლანკაზე ხოჭოების მოგროვების გამო იყვნენ გასამართლებული, ჯარიმის გადახდის შემდეგ მოსკოვში ბრუნდებიან, იუწყება სააგენტო РИА Новости კოლომბოში რუსეთის საელჩოზე დაყრდნობით.

„31 იანვარს რუსეთის მოქალაქეებმა ჯარიმა გადაიხადეს და სასამართლოსგან შრი-ლანკის დატოვების უფლება მიიღეს, ისინი მოსკოვში დღეს ბრუნდებიან“, — აცნობეს სააგენტოს დიპლომატიურ მისიაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შრი-ლანკის სასამართლომ რუსეთის მოქალაქეებს 14 ათას აშშ დოლარზე მეტი ჯარიმა დააკისრა და ორი წლით პირობითი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ირკვევა, დონის როსტოვის ზოოპარკის თანამშრომელი ალექსანდრ იგნატენკო და მისი ორი თანმხლები — ნიკოლაი კილაფიანი და არტიომ რიაბოვი 2020 წლის 26 თებერვალს დააპატიმრა შრი-ლანკის ბუნების დაცვის პოლიციამ. დაკავებისას იგნატენკოს ჯიბეში რამდენიმე მკვდარი ხოჭო აღმოუჩინეს, რომლებიც, როგორც მეცნიერმა განაცხადა, წინა დღით ჩარჩა ჯიბეში და გადაყრა დაავიწყდა.
სასამართლო მათ საქმეზე 2020 წლის 28 მაისს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში დაიკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის ის პოლიციელები, რომლებმაც მეცნიერი და მისი თანმხლები პირები დააკავეს.
იგნატენკოს თქმით, ის შრი-ლანკის კანონებით გათვალისწინებულ ყველა წესს იცავდა — სახელმწიფო ნაკრძალების ტერიტორიებზე აგროვებდა მხოლოდ მკვდარ პეპლებს, ხოჭოებსა და წვრილ რეპტილიებს, ფოტოებს უღებდა მათ, შემდეგ კი ადგილზე ტოვებდა.
თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დაუჯერეს მეცნიერს და სამივეს 301 ეპიზოდში წაუყენეს ბრალი. აქედან 277 მწერებისა და სხვა წვრილი ცხოველების მოკვლას ეხებოდა.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მათ კონტრაბანდისტობაში დასდებდა ბრალს, რაზეც ჰქონდათ კიდეც ეჭვი სამართალდამცველებს, იგნატენკოს, კილაფიანსა და რიაბოვს 40-40 წლით პატიმრობა ემუქრებოდა.
მოგვიანებით, აგვისტოში გამართულ სასამართლო სხდომაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის ინკრიმინირებული ეპიზოდების რაოდენობა 301-დან 102-მდე შემცირდა, საბოლოოდ კი, ჯარიმის გადახდის შემდეგ, ისინი გაათავისუფლეს.
წყარო: РИА Новости