თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ე.წ. მწვანე პასპორტის ვალდებულების გაუქმების ფონზე ბიზნეს-სექტორმა უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ახალი ტესტით, ან ვაქცინაციის სტატუსით, წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში „მწვანე პასპორტის" მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს და მიზეზად „ომიკრონ" შტამის გავრცელების სწრაფი ტემპი და ვირუსის სუსტი მიმდინარეობა, ასევე მსოფლიო პრაქტიკა დაასახელეს.
„კერძო ბიზნესმა, და არა მარტო, უნდა გამოიჩინოს სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა და ყველა სტუმარი ობიექტზე დაუშვას ან ახალი (48 სთ) ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით (ბოლო ინექციიდან 3 თვეში ბუსტერის მოთხოვნით). ეს წესი მინიმუმ შემდეგი 1 თვე უნდა მოქმედებდეს. მე პირადად მხოლოდ ასეთ ობიექტებზე ვაპირებ სტუმრობას“, – დაწერა კულუმბეგოვმა.
კოვიდ-პასპორტის აღება უვადოდ შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, ასევე კოვიდ-გადატანილ პირებს (თუ ვირუსის დადასტურებიდან მინიმუმ 14 დღე გავიდა), ხოლო შეზღუდული ვადით – PCR–ტესტის (72 საათი) ან სწრაფი ტესტის (24 საათი) უარყოფითი პასუხის მქონე პირებს.
კოვიდ-პასპორტის ან QR-კოდის წარდგენა აუცილებელი იყო რესტორნებში, კაფეებში, სასტუმროებში, თეატრებში, კინოთეატრებში და ა.შ.
საქართველო „ომიკრონ" შტამისგან გამოწვეულ კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღას ებრძვის, რომელიც ქვეყანაში პირველად გასული წლის 20 დეკემბერს გამოვლინდა. „ომიკრონთანაა" დაკავშირებული ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების „ანტირეკორდები".
დღეს, 1 თებერვალს დაფიქსირდა 24.201 ახალი შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია ინფიცირების 1,2 მილიონზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 15 ათასს გადააჭარბა.