კალაძე: ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის 15 ათასამდე აბონემენტია გაყიდული

ახალი სამგზავრო ბარათები პერსონალიზებული არ იქნება და მის გამოყენებას მთელი ოჯახი შეძლებს.
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეიდან ამოქმედდა სააბონემენტო სისტემა, რომლის ფარგლებშიც მგზავრისთვის სხვადასხვა პაკეტია შეთავაზებული, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეიდან მგზავრობის საფასურის გადახდის სააბონემენტო სისტემაზე გადავიდა. კერძოდ, ავტობუსით, მიკროავტობუსით, „უნივერსიტეტი-ბაგების“ საბაგირო გზით და მეტროთი მგზავრობის საფასურის გადახდა ახალი სისტემით მოხდება.
როგორც კალაძემ განაცხადა, სააბონემენტო სისტემის პარალელურად თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ „მეტრომანით“, რომელიც მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის საშუალებად იქნება გამოყენებული.

„სააბონემენტო სისტემის შემოღება არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ჩვენ 2017 წელს დავიწყეთ... მოსახლეობას ვთავაზობთ სხვადასხვა პაკეტს და მათ არჩევანის გაკეთება იმის მიხედვით შეუძლიათ, თუ რამდენად ხშირად იყენებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ამ დროისათვის 15 ათასამდე აბონემენტია გაყიდული“, – განაცხადა კალაძემ.

1 თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობის ფასი გაორმაგდა და 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი გახდა. ამასთან, მგზავრს 90 წუთის განმავლობაში 1 ლარად რამდენიმე სახის ტრანსპორტის გამოცვლა შეუძლია, ისევე, როგორც ადრე.
თბილისელები ადრეც იყენებდნენ გადახდის სისტემას, რომლის დროსაც მეტროთი, ავტობუსით თუ მიკროავტობუსით მგზავრობის საფასურის გადახდა ხორციელდებოდა მხოლოდ ერთხელ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრობებს შორის ინტერვალი არ აღემატებოდა 90 წუთს და ამ შემთხვევაში მგზავრობის საფასური 50 თეთრი იყო. 1 თებერვლიდან კი ამავე ხანგრძლივობის მგზავრობის საფასური 1 ლარი იქნება.
პირველი გადახდის შემდეგ 90 წუთის განმავლობაში მგზავრი იმგზავრებს უფასოდ იმ პირობით, თუ ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში ბილეთს აიღებს.
დროებითი აბონემენტების საფასური შემდეგია: 1 დღე – 3 ლარი, ერთი კვირა – 20 ლარი, ერთი თვე – 40 ლარი, სამი თვე – 100 ლარი, ექვსი თვე – 150 ლარი, ერთი წელი – 250 ლარი.
აღსანიშნავია, რომ უფასო და შეღავათიანი ტარიფებით მოსარგებლე მოქალაქეებზე მგზავრობის შეცვლილი ტარიფები არ ვრცელდება.
1 თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადახდის სისტემა იცვლება
აბონემენტის გამოყენებისას ორ გადახდას შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 15 წუთზე ნაკლები, ხოლო ბარათი ყოველი მომდევნო მგზავრობის დასაწყისში უნდა დაფიქსირდეს. აბონემენტები პერსონალიზებული არ იქნება და მის გამოყენებას მთელი ოჯახი შეძლებს.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის სამგზავრო აბონემენტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც მეტროს სადგურების სალაროებში, ისე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში.
ავტობუსებში, სადაც ნაღდი ანგარიშსწორების სისტემაც მოქმედებს, აღნიშნული ფუნქცია ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში შენარჩუნდება, თუმცა ეტაპობრივად მგზავრობის საფასურის გადახდა მთლიანად ელექტრონულ მოდელზე გადავა.
ბარათზე ანგარიშის შევსება შესაძლებელი იქნება ონლაინ, თუმცა სისტემა შემუშავების სტადიაშია და მისი გააქტიურება მხოლოდ თებერვლის ბოლოსთვის მოხდება.