ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში: საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში რუსეთთან დამარცხდა

ნახევარფინალში, რომელიც 4 თებერვალს გაიმართება, რუსეთის ნაკრები უკრაინას შეხვდება
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფუტსალის ნაკრები ნიდერლანდის ქალაქ გრონინგენში ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში რუსეთის ნაკრებთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
რუსი ფეხბურთელები მთელი მატჩის განმავლობაში შესამჩნევ უპირატესობას ფლობდნენ. ამას მოწმობს სტატისტიკაც - სერგეი სკოროვიჩის შეგირდებმა კარის მიმართულებით 20-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს. რომ არა საქართველოს ნაკრების მეკარე ზვიად კუპატაძე, ანგარიშის სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა.
მატჩის მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში მოხდა. 23-ე წუთზე არტემ ნიაზოვმა რუსები წინ გაიყვანა. ერთი წუთის შემდეგ ბრუნო პეტრიმ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ანგარიში 1:1 28-ე წუთზე ისევ შეიცვალა. შესანიშნავი კუთხურის შემდეგ ივან ჩიშკალამ რუსეთი კიდევ ერთხელ დააწინაურა.
მატჩში საბოლოო ანგარიში იგივე ჩიშკალამ დააფიქსირა, რომელმაც ცარიელ კარში გაიტანა. პოზიციური შეტევის დროს ქართველების დაშვებულმა შეცდომამ და ჩიშკალას ზუსტმა დარტყმამ ავთანდილ ასათიანის შეგირდებს დამატებითი დროის დანიშვნის იმედი დაუკარგა.
ფუტსალის ნაკრების მწვრთნელი: გვაქვს საბაბი, რომ თავაწეულებმა ვითამაშოთ >>
ნახევარფინალში, რომელიც 4 თებერვალს გაიმართება, რუსეთის ნაკრები უკრაინას შეხვდება. ფინალის მეორე საგზურისთვის პორტუგალიის (ევროპის მოქმედი ჩემპიონი) და ესპანეთი-სლოვაკეთის წყვილის გამარჯვებული გუნდები იბრძოლებენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა კონტინენტურ პირველობაში მონაწილეობა ისტორიაში პირველად მიიღო.