COVID-19 - ბოლო ცნობები

ხვალიდან კოვიდ-პაციენტების ბინაზე მართვას ოჯახის ექიმები უზრუნველყოფენ

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 151 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 143 ათასზე მეტი პაციენტი სახლში მკურნალობს.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. 1 თებერვლიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის მიხედვით, ოჯახის ექიმები მათთან რეგისტრირებული კოვიდ-პაციენტების ბინაზე მართვას უზრუნველყოფენ. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძვის. გასულ დღეებში ქვეყანაში ინფიცირების 17-18 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, მიუხედავად ონლაინ-კლინიკებისა და ცენტრალურ ონლაინ-კლინიკაში ექიმთა რაოდენობის გაზრდისა, უკეთესი იქნება, პაციენტი თავის ოჯახის ექიმს უკავშირდებოდეს.

„ხვალიდან, 1 თებერვლიდან ამოქმედდება ის ცვლილება, რომელიც დაიგეგმა დეკემბრის ბოლოს – ყველას შეუძლია პრიორიტეტულად და უპირატესად დაუკავშირდეს თავის ოჯახის ექიმს, ანუ მისი მიმაგრება მართვისთვის მოხდება თავისივე ოჯახის ექიმთან“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, პაციენტების ჰოსპიტალში გადაყვანის საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმი პაციენტს კლინიკას გადააბარებს.
საქართველოში ამჟამად 102 ონლაინ-კლინიკა ფუნქციონირებს. ქვეყანაში 151.139 აქტიური შემთხვევაა. აქედან 143.706 პაციენტი სახლში მკურნალობს. მათ ჯანმრთელობას მეთვალყურეობას 2,5 ათასი მედიკოსი უწევს.
კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა >>
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.433 პაციენტი.