საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას

პრეზიდენტის თქმით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, შეუერთდეს საპარლამენტო საქმიანობას.
დღეს საქართველოს უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის დასრულებისა და პარლამენტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიმართვაშია აღნიშნული, დემოკრატიული პროცესისთვის აუცილებელია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს საკუთარი ამომრჩევლის ნებას და გამოიყენოს ის ნდობა და მანდატი, რომელიც მინიჭებული აქვს არჩევნების საფუძველზე.

„პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს პოლარიზაციის დაძლევას, ასევე მოითხოვს, რომ პარლამენტში სრულად იყოს ათვისებული პოლიტიკური დებატების, დიალოგისა და დისკუსიის სივრცე. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა“, – ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ბოიკოტის შეწყვეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაა.
ამ დროისათვის „ნაცმოძრაობას“ პარლამენტში 31 მანდატი აქვს. რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად აუცილებელია არანაკლებ 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ამიტომაც ოპოზიციური პარტია გეგმავს სხვა ოპოზიციონერების მხარდაჭერა მოიპოვოს.
„ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს წყვეტს და სხდომათა დარბაზს უბრუნდება >>
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში საკუთარი დღის წესრიგით ბრუნდება, რომლის თანახმად, ყველა ეტაპზე, ყველა ფრონტზე – პარლამენტში, საკრებულოში, ქუჩაში იგეგმება „მწვავე საგაზაფხულო პროტესტი“. ოპოზიციონერები ამ ფორმით აპირებენ იბრძოლონ „მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის“.
წყარო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია