თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს, დაშავებულებს კი გამოჯანმრთელებას უსურვებს.
აფეთქება ქვანახშირის მაღაროში გუშინ, გვიან საღამოს მოხდა. კომპანია „საქნახშირის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა დაშავდა. ამ დროისათვის დაშავებულები ხეჩინაშვილის კლინიკაში არიან მოთავსებული. ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევის მიზეზის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვეხმაურო ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიას. მივუსამძიმრო გარდაცვლილი მეშახტის ოჯახს და გამოჯანმრთელება ვუსურვო მეშახტეებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე.
ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ეს ტყიბულის შახტებში მომხდარი პრველი ტრაგიკული შემთხვევა არ არის. მარტო 2018 წელს სამი ავარია მოხდა, რომლებიც მსხვერპლით დასრულდა – 5 აპრილს მინდელის სახელობის შახტში მიწის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა ექვსი მუშა, 2 ივნისს – ორი, ხოლო 16 ივლისს მეთანის აფეთქების შედეგად ჭერის ჩამოშლისას ოთხი მუშა დაიღუპა.
კომპანია „საქნახშირი" ჰოლდინგი „ქართული ინდუსტრიული ჯგუფის" (GIG) შვილობილი კომპანიაა, რომელიც ქვანახშირს მოიპოვებს. ქართულ ბაზარზე ეს ქვანახშირის წარმოების ერთადერთი კომპანიაა.