პაციენტს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული: როგორია მამის მიერ დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ოჯახური კონფლიქტის მიზეზი.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. ოჯახური კონფლიქტის შედეგად დაჭრილი 47 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შემთხვევა გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე გუშინ, საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების დროს 82 წლის მამამ შვილს სხეულზე დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ამ დროისათვის 47 წლის დაჭრილი მამაკაცი კლინიკა „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ბასრი საგნით 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული.
„კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული. პაციენტს აღენიშნებოდა გულ-მკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი შემავალი ნაკვეთი ჭრილობები ფილტვის, ღვიძლის, კუჭის, პანკრეასის დაზიანებით, ასევე წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანებები; თავის, ორივე ხელის მტევნის, მარჯვენა წინამხრის და მარჯვენა მხრის ნაკვეთი ჭრილობები. დაუყოვნებლივ ჩაუტარდა არაერთი ქირურგიული ოპერაცია, მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა“, – განაცხადა ექიმმა სოსო გელაშვილმა.
სამართალდამცველებმა 82 წლის მამა შვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულს 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.